Friday 30 July 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


ჩვენმა „ძვირფასმა“ მეზობლებმა კვლავ იჩივლეს.

# 2 საჩივრით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვენ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ძირითად, იმ საბაბით, რომ მათ შეუმცირდებათ მზის სხივების მისაწვდომობა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გადავიდა დისტანციურ კომუნიკაციაზე, განხილვა მაინც დაინიშნა 4 აგვისტოს.

Thursday 29 July 2021

 მოგესალმებით ყველას,


ინვესტორთან შეთანხმებაზე ხელმოწერა „ზ“ და „მ“ სადარბაზოებთან გადატანილია სექტემბრისთვის. ასე, რომ თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ დასასვენებლად.

ამხანაგობის მხრიდან რამდენიმე წევრს აქვს „კორონა“. ვუსურვოთ მათ მალე გამოჯანმრთელება.

Saturday 24 July 2021

 ძვირფასო მეზობლებო,


გუშინ შედგა შეხვედრა კიდევ ერთ სადარბაზოსთან. დარჩა ერთი სადარბაზო და გამოტოვებული „ზ“ სადარბაზო.

შეხვედრების დროს ამხანაგობის წევრის ზოგიერთ წარმომადგენელს აღმოაჩნდა მინდობილობა სასამართლოში, კრებაზე მონაწილეობის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ რწმუნებაში უნდა იყოს ქონების განკარგვის უფლებამოსილებაც მითითებული.

გამოიკვეთა ერთი ტენდენცია _ ზოგიერთ წევრს სურს უფრო მაღალ სართულზე გადასვლა, ზოგი მზადაა 120 კვ.მ-ის მაგივრად 140 კვ.მ მიიღოს.

ნებისმიერი ასეთი ცვლილება ხორციელდება ინვესტორის მიერ, შესაბამისი თანხის დამატებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება თსუ-ს ამხანაგობის წევრებს შორის, ამაში ინვესტორი არ ერევა.

ე.ი. ამხანაგობის შიდა ცვლილებები მხოლოდ ერთმანეთში მორიგებით ან გაცვლით შეიძლება მოწესრიგდეს.

გამომდინარე აქედან, საჭირო იქნება ერთმანეთთან დაკავშირება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ამხანაგობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძეს, რომელიც ინტერესების დამთხვევის შემთხვევაში დაგაკავშირებთ ერთმანეთს. ამ ინფორმაციის გასაჯაროვება მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, მუშაობა დაიწყო „ბაუერის“ ტექნიკამ, რომელიც ბურღავს და ამზადებს ორმოებს ხიმინჯებისთვის:






კიდევ ერთი საკითხი


დღევანდელი ინფორმაცია სავარაუდოდ ამ საკითხით უნდა დაგვეწყო, მაგრამ მაინც ბოლოსთვის მოვიტოვეთ.

ძალიან ძნელია ამის თქმა აჟიტირებულ ბებია-ქალბატონებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის უთქმელობაც, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ.

კონკრეტულად _ ერთი ქალბატონი ურეკავს ამხანაგობის წევრებს და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ცუდი შედეგების მოლოდინით უკივის მათ, არ მოაწერონ ხელი ინვესტორთან შეთანხმებას.

შეთანხმება სწორედ იმისთვისაა, რომ ინვესტორის მიერ დაფიქსირდეს ქონება თქვენ სახელზე. აღარ შევუდგებით სამართლებრივ განმარტებებს, რადგან ამ ადამიანებისთვის ძალიან ძნელია სამართლის ელემენტარული საფუძვლების გაგებაც კი.

იურიდიულ საკითხებთან ერთად არსებობს მორალური, ზნეობრივი, ადამიანური ფაქტორი.

ამ ქალბატონმა დაურეკა ამხანაგობის ერთ-ერთ ასაკოვან წევრს, რომელმაც სერიოზულად მიიღო არასწორი ინფორმაცია და მოუვიდა გულის შეტევა. 

საბედნიეროდ ეს ადამიანი დღეს შედარებით ნორმალურადაა.

მივმართავთ ამ და სხვა ქალბატონებს, აცნობიერებთ მაინც რას აკეთებთ ამით? დაფიქრებულხართ კი, შესაძლო სავალალო შედეგზე?


Wednesday 21 July 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


თუ ვინმეს შეუძლია ქალბატონ დარეჯან გველესიანის მემკვიდრეებთან დაკავშირება, გთხოვთ, სასწარაფოდ შეატყობინოთ, რომ დაუკავშირდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეს ან ინვესტორს.

Tuesday 20 July 2021

 გიხაროდენ!

გ ი ხ ა რ ო დ ე ნ !


ძვირფასო მეგობრებო,


დღეს, „ბაუერის“ ტექნიკა შევიდა ჩვენ სამშენებლო პოლიგონზე.

„ბაუერი“ იწყებს ხიმინჯების დამატება-გაკეთებას.

იმათთვის, ვინც არ იცის რა არის ხიმინჯი და მუდამ კითხულობენ, თუ როდის შემოვა ამწე _ მშენებლობა ამწით არ იწყება.

მშენებლობა იწყება ხიმინჯებით. ხიმინჯი ესაა ბოძები, სვეტები, რომელზეც დგას მთელი შენობა, რომელზეც მოდის მთელი დატვირთვა, სწიმძიმე.

ხიმინჯის ლექსიკონისეული განმარტება ასეთია: სქელი ძელი, რომელსაც ნაგებობა ეყრდნობა. სახლი ხიმინჯზე დგას.

იხილეთ დღევანდელი ფოტოები:








 

Monday 19 July 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


ხუთშაბათს, 22 ივლისს, ინვესტორის ოფისში შედგება „კ“ სადარბაზოს მაცხოვრებელთა ფართებზე შეთანხმება-ხელმოწერა.

ამ სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელი გაფრთხილებულია, გარდა თეიმურაზ ბურჭულაძისა, რომელთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა.


ვისაც შეგიძლიათ თეიმურა ბურჭულაძესთან დაკავშირება, თხოვთ, შეატყობინოთ მას, თვითონ ან მისი რწმუნებით ვინმე გამოცხადდეს. 

ინფორმაციისთვის დაუკავშირდეს ამხანაგობის თავმჯდომარეს.

Friday 16 July 2021

ახალი ინფორმაცია


გუშინ შედგა ინვესტორთან შეხვედრა და შეთანხმებაზე ხელმოწერა „ი“ სადარბაზოსთან.

ორშაბათს გაირკვევა, თუ როდის შედგება შემდეგი შეხვედრა და რომელ სადარბაზოსთან _ გამოტოვებულ „ზ“ თუ მომდევნო „კ“ სადარბაზოსთან.

ოჯახის წევრებს ვთხოვთ, ისტერიულ ადამიანებს წინასწარ დაალევინონ დამაწყნარებლები.

საჩხუბარი და სანერვიულო არაფერი გვაქვს, მით უფრო ინვესტორის მიმართ.

გაიხსენეთ, რომ ფაქტობრივად მომაკვდავი საქმე გავაცოცხლეთ და სიხარული მივანიჭეთ 40 წლის წინანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ან ცოცხლები აღარ არიან ან ახალგაზრდობის შემდგომ 40-წლიანი პერიოდი გაიარეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველას გეკუთვნით 120 ან 140 კვ.მ. ამაში შედის 8 კვ.მ 2 აივანი (თითო 4 კვ.მ) და 1 ავტოსადგომი მინუს მე-2 სართულზე. ოთახების განლაგება ცოტათი განსხვავდება კუთხის „ზ“ სადარბაზოში.

გხთოვთ ზეედმეტს ნუ მოითხოვთ. ამას იღებით ჩარკვიანისგანაც. ჩარკვიანისგან განსხვავებით, ახალი ინვესტორი ე.წ. მწვანე კარკას აკეთებს  = თეთრი კარკასი + გათბობის მილ;ების გაყვანა-მონტაჟი + აივნების მოპირკეთება.

პრინციპი _ მადა ჭამაში მოდის არ მოწმედებს.

თუ ვინმეს მეტი ფართი გინდათ, შეუთანხმდით ინვესტორს და შეთანხმდით. თანხის დამატებაში და სხვა ფინანსრ ურთიერთობაში შეთანხმდებით შეხვედრისას.

Wednesday 14 July 2021

სასწრაფოდ !

 

ამხანაგობის ყოფილი წევრის, აწ გარდაცვლილი ცაცო (შუქურა) კოტეტიშვილის სამკვიდროს მიმღებებს გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს.

Tuesday 13 July 2021

 ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებო,


მიუხედავად წინა წერილის მკაცრი ტონისა, ამხანაგობის წევრი რამდენიმე ქალბატონი, მაინც მივიდა ინვესტორის ოფისში დაუპატიჟებლად. 

ერთმა მათგანმა ყველა გალანძღა, იყიამყრალა და ვის მიმართაც რაიმე ბოღმა ჰქონდა ყველაფერი ამოანთხია.

ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს უხაროდეთ, ჩვენი წინსვლა თავისივე ბინის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყვირილითა და სხვების შეურაცხყოფით ერთობიან.

ნამდვილად არ მეგონა, რომ ვინმეს ამხანაგობის საერთო კრებები მოენატრებოდა. ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო კრება დიდი ხანია არ ჩატარებულა უმისამართოა, რადგან სწორედ თქვენ, საბჭოთა კრებებს მიცვეულ ადამიანებს გიფრთხილდებით ამ კორონას დროს და არ ვიწვევთ 100 ადამიანის კრებებს, ან რატომ უნდა მოვიწვიოთ, როცა ამის აუცილებლობა არაა არ გვესმის. თუ ერთმანეთის ყურება მოენატრა ვინმეს, შეხვდით ერთმანეთს და ლანძღეთ ვინც გინდათ და რამდენიც გინდათ, ინგლისის დედოფლიდან დაწყებული პუტინით დამთავრებული.

ამ ადამიანების ოჯახის წევრებს ვთხოვთ დააშოშმინონ ქსლბატონი ბებიები, რადგან ყველაფერი კარგადაა და წინ მიდის.

დღეს შედგა შეხვედრა „თ“ სადარბაზოსთან, რომელიც ამიერიდან იქნება მე-8, რადგან გადანომვრა ციფრებით განხორციელდება.

სამწუხაროდ, გადაიდო „ზ“ სადარბაზოსთან შეხვედრა , რადგან ჯერ მხად არაა ბინის შიდა განლაგებები. მოგეხსენებათ, რომ ამ სადარბაზოში, სხვა სადარბაზოებისგან განსხვავებით სართულზე 3 ოჯახი იყო.

შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია „ი“ (მე-9) სადარბაზოსთან, ზეგ ან მაზეგ. შეგატყობინებენ. ამიტომ გთხოვთ დაელოდოთ.

Wednesday 7 July 2021

 ძვირფასო მეგობრებო ! ! !


იმის გამო, რომ ვიღაც იმ დროს ვერ მოდის, როდესაც ინვესტორთანაა დაბარებული, არ ნიშნავს, რომ როცა მოგესურვებათ იმ დროს მიხვიდეთ.

ინვესტორები მუშაობენ შემდეგი სადარბაზოს მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე და მათი დოკუმენტების შესწავლაზე.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ბატონმა და ქალბატონმა (ვინც ვერ მოვიდა თავისი სადარბაზოსთვის დანიშნულ დღეს), დღეს მოიცალა და დილიდან პარალიზებული ჰყავთ ინვესტორი _ მათთვის კითხვა-პასუხის გაცემაში. ამასთან, მიდიან ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, ბავშვებით, ადვოკატით (ბარებ ძაღლიც მიეყვანათ და სამახსოვრო ფოტოც გადაეღოთ).

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სამუშაო პროცესს უშლით ხელს?

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, თქვენი მისვლა არ უნდა შეუთანხმოთ ინვესტორს? ასე დაუპატიჟებლად დადიხართ სტუმრად?

თქვენი ქონება რაც არის, ვერავინ შეეხება, იგივე გრჩებათ, მაგრამ რა სულსწრაფობაა სხვებზე ადრე მისვლა და გადასწრება?

შეხვედრები ხორციელდება სადარბაზოების რიგითობით. თუ იმ დროს ვერ მიხვალთ, კეთილი ინებეთ და თავიდან დადექით რიგში.

ინვესტორს შეუთანხმებლად აწუხებს ის ხალხიც, ვისი სადარბაზოც ჯერ არ დაუბარებიათ. ჩემთან არ რეკავთ და ასეთი წვრილმანი ცუღლუტობით ცდილობთ თქვენსას.

ზოგიერთი ჩემთან აცხადებთ, რომ კარანტინში ხართ და იმიტომ ვერ მიდიხართ, თუმცა მეორე დღეს ინვესტორთან ხართ წამოსკუპული _ კარანტინის ან თვითიზოლაციის დარღვევა უკვე დანაშაულია. ხოლო, თუ კარანტინზე და თვითიზოლაციაზე იტყუებით, ეს თქვენი ღირსების მაჩვენებელია.

ძალიან მჭირს ამისთქმა, ბევრი ჩემზე უფროსი ბრძანდებით, მაგრამ ასე მგონია სკოლის დირექტორი ვარ და ვტუქსავ ცელქ და მძიმედ აღსაზრდელ ბავშვებს.

მოკლედ, ინვესტორთან შეთანხმებით ასე გადავწყვიტეთ _ ამხანაგობის წევრები მივლენ მხოლოდ იმ დღეს, როცა იქნება მათი სადარბაზო დაბარებული. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს უჭირს ტექსტის გაგება ან ვერ ხერხდება მათი მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაუკეთონ ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება მათთვის ნდობით აღჭურვილ პირს, რომელსაც ექნება ხელის მოწერის უფლებაც.

ზოგიერთი აცხადებს, რომ დასასვენებლად მიდის და ამიტომ ჩქარობს. ამით ფერხდება შემდეგი სადარბაზოების დაბარება და ა.შ.; ამიტომ ამ ხალხმა სჯობს დაისვენოს და გარუჯულ, ნერვებ დაწყნარებული ჩამოვიდეს. როცა დაამთავრებს დასვენებას, მერე მოაწერს ხელს.

ჩვენ თქვენ გამო თბილისში ვრჩებით (უკვე მერამდენე წელია).

ის ვინც ვერ მივა დავისი სადარბაზოს ხელმოწერის დღეს, დაბარებული (კომპანიის მიერ) იქნება სადარბაზოების ჩამთავრების შემდეგ.

გთხოვთ მოიქეცით ცივილიზებულად და ზედმეტად არ შეაწუხოთ ინვესტორი. მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

კიდევ ერთხელ _ ინვესტორთან არ მიდიხართ დაუბარებლად ! ! !

თუ მისვლა გნებავთ, შემატყობინეთ მე. ვეცდები ინვესტორთან კომუნიკაციით მოვახერხო ორივესთვის ხელსაყრელი პირობების მიღწევა, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საქმეს.

განმეორებით შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეს სურს ფართის დამატება ან რაიმე გარკვეული ცვლილებების მოხდენა, ამის შესახებ შეატყობინებთ ინვესტორს შეხვედრაზე.

ბოდიშს ვიხდი ამხანაგობის იმ წევრების წინაშე, ვინც არ იმსახურებს დღევანდელ საყვედურებს.

ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე 


Tuesday 6 July 2021

 ახალი ამბები


დღეს შედგა შეხვედრა „ვ“ სადარბაზოს მაცხოვრებლებთან.

შეხვედრამ შედარებით ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქრონიკულად ეჭვიანი და მუდამ ხმამაღლა მომკივან ადამიანთა მცირე სადაქალო ისევ ურევს ზოგიერთს ტვინს. რაში შეიძლება შეგეპაროთ ეჭვი გაუგებარია.

ინვესტორთან ხდება სამმხრივი ხელმოწერა, რომლითაც თქვენ, „გუმბათი“ და ამხანაგობა თანხმდებით კონკრეტული ბინის, კონკრეტულ სადარბაზოში, კონკრეტულ სართულზე მიღების შესახემ.

ფაქტობრივად ხდება ძველი (“თბილისთან“ დადებული)კონტრაქტის განახლება. ამით კომპანია ადასტურებს თქვენ ფართს, 1 ავტოსადგომს, ხოლო თქვენ ადასტურებთ, რომ მითითებული ფართის და 1 ავტოსადგომის გარდა სხვა პრეტენზია არ გაქვთ. ე.ი ხელახლა გიდასტურდებათ ის ფართი, რაც აქამდე გქონდათ. ნუთუ ასე ძნელია გაგება?

ზოგიერთი თავიანთი უაზრო ეჭვიანობის დაფარვას ცდილობს თავისი უვიცობით და გაუთვითცნობიერებით გაამართლოს. თუ მართლაც გიჭირთ რამდენიმე წინადადების გაგება, შეგიძლიათ მოხვიდეთ ადვოკატთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან ერთად, რომელიც შეძლებს რეალობის აღქმას.

128 ოჯახთან მერედ ან მესამედ შეხვედრას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამას დაამატეთ 8 ადამიანი და 60-ზე მეტი მესამე პირი. 

დღეს, განსაკუთრებით უცნაური იყო ზოგიერთის არმოსვლა იმის გამო, რომ დრო არ აქვს, სამსახურში დადის და ა.შ.

გამოდის, რომ ჩვენ უსაქმურები ვართ? მათ გამო სამსახურიდან მეორედ ან მესამედ უნდა გავთავისუფლდეთ რათა ამ ბატონებთან და ქალბატონებთან აუდიენციის პატივი გვერგოს?

შემდეგ სადარბაზოსთან შეხვედრას თვითონ შეგატყობინებენ

Monday 5 July 2021

 ამხანაგობის წევრ ია ნერგაძეს,


ქალბატონო ია, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდით ამხანაგობის თავმჯდომარეს ან ინვესტორს.

ამხანაგობის წევრების მიმართ იქნება თხოვნა _ ტელეფონის შეცვლის შემთხვევაში შეგვატყობინეთ ახალი ნომერი ან ელ.ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

Friday 2 July 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


გუშინ შედგა შეხვედრა „ე“ სადარბაზოს მოსახლეობასთან. შეხვედრამ ძალიან მშვიდ, მეგობრულ და მეზობლურ ურთიერთობაში ჩაიარა.

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩვენ კოხტა სახლს: