Sunday 20 October 2024

 მოგესალმებით თსუ ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებო,


სამი კვირა გავიდა წინა ფოტოების გამოქვეყნებიდან, რადგან სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა ზუსტად 15 რიცხვში ფოტოების გამოქვეყნება.

შესაბამისად, ამ თვის ბოლოს გამოქვეყნებული ფოროები იქნება უფრო მოკრძალებული, შედეგის თვალსაზრისით.

ამასობაში არჩევნებიც ჩატარდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს უფრო წყნარად ვართ ჩვენც.

თუმცა ასე არ იყო 3 წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, # 5-ის მეთაურობით ჩვენ წინააღმდეგ გამოდიოდა. ზეწოლა და აგრესია იყო ჩვენი მშენებლობის მიმართ, 

გაიხსენეთ ალეკო ელისაშვილი, რომელსაც წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში ჩართული ჰქონდა ჩვენი მშენებლობის ვიდეო კადრები ლოზუნგით _ გვაბეტონებენ!

გაიხსენეთ შეჩერებული მშენებლობა ნაციონალური და სხვა ნათესავი მოძრაობის აქტივისტების სარჩელების, ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების გამო. მშენებლობა გაგრძელდა ამ საჩივრების განხილვის და ჩვენი გამარჯვების შემდეგ. იყო ზეპირი თუ სატელეფონო მუქარებიც!

გაიხსენეთ  „ლელოს“ აქციები უშუალოდ ჩვენ მშენებლობაზე, რის გამო ჩვენც ვაპირებდით კონტრაქციის ჩატარებას თსუ პირველი კორპუსის ეზოში, თუმცა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ ს.ჯორბენაძისათვის ბოდიშის მოხდის შემდეგ შეწყდა ეს დაპირისპირება.

გაიხსენეთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტენდენციური და სრულ ტყუილებზე დამყარებული გადაცემები.

ამ გადაცემებთან დაკავშირებით, ამხანაგობის თავმჯდომარემ უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. ქარტიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია და ჟურნალისტი თაკო ნოზაძე ცნეს ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაში.

გაიხსენეთ, როგორ ორგანიზებულად მოქმედებდნენ და დაგვიპირისპირეს ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა. შექმნეს საიტი, ბეჭდავდნენ ფერად სტიკერებს და აკრავდნენ სადარბაზოებში, ლიფტებში, მეგაფონით დადიოდნენ და მოუწოდებდნენ ხალს გამოსულიყვნენ ჩვენ წინააღმდეგ და ა. შ.

ყიფშიძის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე თითქმის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა საქმე.

ყველაფერ ამას ვიტანდით. ვიტანდით, იმიტომ, რომ ვიცოდით და დარწმუნებულები ვიყავით ჩვენ სიმართლეში და შეუძლებელი იყო ამ პარტიების, თუ ორგანიზაციების გამარჯვება. მათ უკან ვინ იდგა და ვის ჰქონდა თვალი დადგმული ჩვენ ტერიტორიაზე ეს ჯერაც უცნობია.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

ამის შემდეგ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა 2022 წელს, როდესაც იგივენი მოითხოვდნენ უკრაინის პარალელური ფრონტის გახსნას.

ამჟამად სასიამოვნო სიწყნარეა.

წლების მანძილზე მშენებლობის უიღბლობის მაგივრად ვართ იღბლიან პერიოდში.

იმედია იქნება სიმშვიდე და დავამთავრებთ მრავალტანჯულ სახლს, რომლის მშენებლობა დაწყებულია 1978 წელს.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

პირველ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მთლიანად დასრულდა მე-9 და დასრულების სტადიაზეა, თითქმის ბოლომდე მისული გაერთიანებული მე-10-მე-11 სართულის (ღია ტერასა) ყალიბების გაკეთება.

ამავე სადარბაზოებისთღვის, ქვედა სართულებიდან, პარალელურად მიმდინარეობს აივნებისა და შიდა ტიხრების ამოშენება:












მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზიებისთვის კვლავ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს:







ანალოგიური მდგომარეობაა მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის:



მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის მთლიანად დასრულდა საცხოვრებელი მე-7 სართულის და დაიწყო მე-8 სართულის მშენებლობა:





ხედი „კარფურის“ მხრიდან:







ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:












Thursday 10 October 2024

 მოგესალმებით ყველას,


დღეს დაიწყო სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძესთან.

ჩვენმა მხარემ (ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი) დააყენა შუამდგომლობა, რომ არ უნდა იქნეს განხილული ჭანუყვაძის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, რადგან მასში გადაკეთებულია თანხა, ხანდაზმულია და ა.შ.; შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ყალბია. 

სიყალბის დასადგენად საჭიროა ექსპერტიზაზე გადაცემა, მაგრამ ექსპერტიზა არ ტარდება ასლზე. საჭიროა დედნის წარმოდგენა. დედანი კი, ჭანუყვაძეს არ აქვს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მიმართეს კერძო ექსპერტ გეჯაძეს და მოიტანენ დასკვნას, რომ ხელშეკრულებას ხელს აწერს თ.ჩარკვიანი.

ამაზე, მოსამართლემ სწორი შენიშვნა მისცა, რომ თუ ამ დასკვნას მოიტანენ, ეს იქნება ხელმოწერის ნამდვილობის და არა ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება.

მოკლედ, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო. თარიღი მოგვიანებით გვეცოდინება.

სასამართლოზე მობრძანდა დაახლოებით 15 ადამიანი. მოსამართლესაც გაუკვირდა, რადგან არ ელოდა ხალხის დასწრება. თქვენი მოსვლა ჩვენი ერთობლივი საქმიანობის ერთსულოვნების დადასტურებაა, რაც დადებითად აღიქმება.

ამხანაგობის ყველა წევრის წარმომადგენელია სანდრო ჯორბენაძე, ხოლო ადვოკატი _ ხათუნა გრიგალაშვილი. აქედან გამომდინარე უცნაური იყო ამხანაგობის წევრის შოთა ძნელაძის მემკვიდრეების მიერ მათ წარმომადგენლად თ.ილიაშვილის გამოგზავნა, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებით. ილიაშვილმა დაგვიწყო ჩხუბი, ყვიროდა და ილანძღებოდა. იმასაც ვერ მიხვდა, რომ ამ დავაში მოპასუხეს წარმოადგენდა ბაგების „ამხანაგობა 504“, რომელსაც უჩივლა ჭანუყვაძემ. არ დაგვიჯერა და მოსამართლეს გადასცა რწმუნება, თუმცა მოსამართლემ უკან გადმოუგდო.

ძნელაძეების ქმედება გასაკვირია იმიტომაც, რომ თ.ილიაშვილი აპირებს გვიჩივლოს სუყველას. ასეთი ადამიანისთვის რწმუნების გადაცემა ცოტათი უხერხული მაინცაა.

ერთი კარგი სიახლე. ჩვენ სხვამაც გვიჩივლა _ ჩანქსელიანმა, რომელმაც ამხანაგობის მთელ ქონებას დაადო ყადაღა. ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა და შემცირდა ადეკვატურ ფართამდე. ინვესტორთან ჩვენი თხოვნისა და მოლაპარაკებების შედეგად დაყადაღებული ეს ფართი ინვესტორისაა. მადლობა მათ ამ დროებით ღონისძიებაზე თანხმობისთვის.

ბოლო ინფორმაცია: ძნელაძეებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღმოცნდა, რომ ეს რწმუნება მათ მიუციათ რამდენიმე წლის წინ ს.ჯორბენაძის საწინააღმდეგოდ დავის წამოწყებისთვის. მაშინ რამდენიმე ადამიანმა მას მისცა რწმუნება ( სავარაუდოდ უვადოთ). თუ წლების შემდეგ ძნელაძეების რწმუნებას იყენებს, ასევე შეიძლება სხვების რწმუნებაც გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის _ თქვენი სახელით. რჩევა იქნება გაუუქმეთ რწმუნება.

Tuesday 8 October 2024

მეგობრებო, 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს,  2024 წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 64 (მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე) გვაქვს სასამართლო პროცესი მომჩივან ქ ე თ ე ვ ა ნ   ჭ ა ნ უ ყ ვ ა ძ ი ს სარჩელთან დაკავშირებით.