Saturday 30 April 2022

 მოგესალმებით ყველას,


ძვირფასო მეზობლებო,


არ მეგონა, რომ აღდგომის დღეებში უამრავ ტყუილს, ჭორს, ცილისწამებასა და ღვარძლს გადმოანთხევდა ამხანაგობის წოგიერთი წევრი.

როგორც მოგეხსენებათ, ძასოხოვს დადებული აქვს მშენებლობაზე უზრუნველყოფის საშუალება _ აკრძალვა გასხვისებასა და უფლებრივ დატვირთვაზე. ეს საქმე გრძელდება. როდის ჩაინიშნება სხდომა არავინ იცის. უკვე გავიდა 5 თვე, რაც სამოქალაქო საქმეებზე ითვლება, რომ დიდი პერიოდი არაა (გადატვირთულობის გამო). ეს პროცესი ცალკე გაგრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სამართლებრივად მართლები და წელგამართულები ვართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი, ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომის ოქმის გაყალბების გამო, რომლითაც თითქოს გამგეობა ერთხმად დაეთანხმა თ. ჩარკვიანს სახლის იპოთეკით დატვირთვაზე. ამ გაყალბებული ოქმით ჩარკვიანმა 3 მილიონამდე თანხა აიღო ბანკიდან. დოკუმენტს მიაგნო ქ-მა ხათუნა გრიგალაშვილმა.

ეს დოკუმენტი დღემდე არ გვქონდა. როგორც გავარკვიეთ, წინა გამგეობის რამდენიმე წევრს ჰქონია ეს დოკუმენტი და დღემდე მალავდნენ. „ბაგები 502-ის“ იმ 7 წევრიდან, რომელიც ვითომ ესწრებოდა ამ სხდომას 5 დღესაც ცოცხალია. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ასეთი სხდომის ჩატარებას. პირველად ჩემგან გაიგეს.

ამ დოკუმენტიდან გამომდინარე შედეგს ეყრდნობა ძასოხოვი. პროკურატურამ აღნიშნულ დოკუმენტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადასცა ფინანსურ პოლიციას, იმ საქმესთან ერთად გამოსაძიებლად, რომელზეც გრძელდება გამოძიება დ.წერეთლის მიმართ დოკუმენტების გაყალბების ნაწილში.

რაც შეეხება დ.წერეთლის მიერ თანხის არამიზნობრივად ხარჯვას. ეს საქმე გადაცემულია სასამართლოში, რომელზეც მიმდინარეობს სხვადასხვა პირების დაკითხვა. მათ შორის დავიკითხე მეც. 

დავუბრუნდეთ ყადაღას. ყადაღა მშენებლობაზე დადებული აქვს 8 მესამე პირს. სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება პირველადი (ინვესტორის ფართების და სხვების ფართების) განშლა.

აღნიშნულ ყადაღის მოხსნაზე ხ.გრიგალაშვილის მიერ მომზადდა საჩივარი და შევიტანეთ სასამართლოში. ყადაღა მოიხსნა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, რადგან მესამე პირებმა გაასაცივრეს და დაამატეს სხვა მოთხოვნებიც.

საჯარო რეესტრი, განშლამდე, ითხოვს ამ მესამე პირებისაგან თანხმობას;


წინააღმდეგ შემთხვევაში განშლის განხორციელებას არ აწარმოებს.
რეესტრის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ 8 პირთან.
დღევანდელი მდგომარეობით მიღწეულია შეთანხმება და სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებამდე ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას და მათი ყადაღა ჩამოვა აკრძალვაზე (ძასოხოვის ანალოგიურად), რაც ხელს არ შეგვიშლის პირველად (ზოგად და არა ინდივიდუალურ) განშლაზე.
იქამდე მათი გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაიგზავნა უზენაეს სასამართლოში. რადგან ამ 8 ოჯახის თანხმობა იქნება, უზენაესი სასამართლო მაისის თვეშივე შეწყვეტს საქმის წარმოებას.
არის კიდევ რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი, რომლის შესწორებასაც ითხოვს რეესტრი.


ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ისინი ვინც აყვება ხოლმე ზოგიერთის თავში მოსულ ბოროტ და შეურაცხმყოფელ იდეებს, აჯობებს ჯერ დაფიქრდეთ და არ აყვეთ მათ. მით უფრო, ნუ მოგვაყენებთ დაუმსახურებლად სალანძღავ სიტყვებს. უბრალოდ არ გეკადრებათ პროფესორ-მასწავლებლებს ზოგიერთი სულიერად და ზნეობრივად ავადმყოფი ადამიანის ბოდვების დაჯერება. თქვენ მათი უსიტყვო მონები ხომ არ ხართ, გააანალიზეთ და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.
ინვესტორზე სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. ის აგრძელებს მშენებლობას, ხარჯავს დიდ თანხას. რამდენიმე წლის წინ ლაპარაკი რეესტრში დარეგისტრირებაზე კი არ იყო, არამედ კინაღამ საერთოდ დავკარგეთ ტერიტორია.
ზოგიერთის გასაგონად: ინვესტორი თბილისის მერის არ მოუყვანია, ჩვენ მოვიყვანეთ. რამდენჯერ შეიძლება იგივე თემაზე საუბარი? აქედან გამომდინარე, მერიას არავითარი ვალდებულება აქვს გადაიხადოს ჩვენი ვალები.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ამხანაგობის წინა გამგეობის წევრებს: რას აკეთებდით იმ პერიოდში? ის მაინც შეგეძლოთ დაგედგინათ რამდენი იყო მესამე პირი. მე რომ თავმჯდომარე გავხდი, იმ დროისთვის 58 ოჯახი იყო. ერთი თვის წინ კიდევ გამოჩნდა ვიღაც შალვა ჩინჩალაძე _ რიგით 66-ე, რომელიც ითხოვს 300-ზე მეტ კვადრატულ მეტრს.
გეძინათ გამგეობის წევრებო?
ამ შალვას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გადაეცა ფინანსურ პოლიციას.
კიდევ ერთი. ჩვენ ვერც ინვესტორს მოვიყვანდით და ვერც მშენებლობას დავიწყებდით ქ-ნი ხათუნა გრიგალაშვილის გარეშე. ქ-ნი ხათუნა დღესაც დიდ სამუშაოს ასრულებს. იმათ, ვისაც მისი ჩამოშორება უნდა _ არ უნდა მშენებლობის დამთავრება. ამით მშენებლობის მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამს წყალს.
უმრავლესობამ კარგად იცის, რომ არასდროს, არაფერი მომიტყუებია თქვენთვის. რაში უნდა მჭირდებოდეს ასეთი რამ?
სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა ეს ვერ შეიგნეთ და ვიღაცის ნაბახუსევზე ნათქვამის გჯერავთ.
ზოგიერთი მირეკავს და მეკითხება - მართლა მიდის მშენებლობა თუ არაო. ერთმა ისიც კი მითხრა - საიტს ვნახულობ, მაგრამ ვითომ მართალიაო?
ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა რომ ჩემ ადგილზე იყოთ, პირველი რა პასუხი მოგადგებათ ენაზე?
დღეს, ასეთ კითხვას როდესაც დასვამს ადამიანი, იმას რა უნდა ელაპარაკო? მიბრძანდით ადგილზე და საკუთარი თვალით დარწმუნდებით იმაში, მიმდინარეობს თუ გაჩერებულია მშენებლობა.
ზოგიერთი წევრი ისტერიაში ვარდება და კატეგორიული მოთხოვნები აქვთ გამგეობის მიმართ, თუმცა წინა გამგეობის დროს გუგულებივით ისხდნენ და უამრავ სიგიჟეს ისმენდნენ. აცხადებენ, რომ დრო არ ითმენს, უკვე ასაკში არიან, ღმერთის მიერ ბოძებული ამქვეყნიური ცხოვრების ვადა ეწურებათ და ა.შ.
ამის თაობაზე ადრე გიპასუხეთ, სიკვდილიც კი აგიკრძალეთ, მაგრამ მაინც იგივეს აგრძელებთ.
ზოგიერთმა, ვისაც სჯერავს ჩემი, გადადო სიკვდილი, მაგრამ მათ გასაგონად ვინც არ ითვალისწინებს ჩემ ამ აკრძალვას, მართლა ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ თქვენი წუწუნი უკვე აუტანელი და ძნელი მოსასმენია, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ცესიის წესით გადასცეთ თქვენ მემკვიდრეებს, შეგიძლიათ ანდერძი დაწეროთ.
ყველაფერს აქვს თავისი ვადა, მათ შორის სასამართლო პროცესებს, რომელიც ვერ მოერგება თქვენი სიცოცხლის ვადას. სასამართლო დავა ძალიან ნელი და ხანგრძლივი პროცესია.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემ გამონათქვამს პირდაპირ და მკვახედ აღიქვამთ - თქვენ მაიძულეთ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი ღირს კი, ყოველ შაბათს (წვიმაში, ქარში, თოვლში) ფოტოების გადაღება და ამხანაგობის წევრების ინფორმირება მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, როცა ასეთი უმადური ხალხია შენ გვერდით? როცა მშენებლობის პერსპექტივაც კი არ არსებობდა და სახლის აშენება უტოპია იყო, ხოლო დღეს რეალობად ვაქციეთ, ისეთ პრეტენზიებს აყენებენ (მაგ., სასწრაფო განშლა), რომელიც რამდენიმე ხანში იქნება, მაგრამ დღესვე უნდათ, მიუხედავად სხვადასხვა სამართლებრივი წინააღმდეგობისა და ა.შ.
მარტო თქვენ ხომ არ ხართ ასე, სხვაც ხომ იგივე სიტუაციაშია? ინვესტორიც ვერ ყიდის ვერაფერს, რაც ბიზნესისთვის ძალიან ცუდია.
ღვარძლიანი, უმადური და დაუნახავი ადამიანი ძნელი გასაგები და ასატანია.
მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ ამხანაგობის სხვა წევრებს არაფერი დაუშავებია. ისინი ვინც უცხოეთშია ან ლოგინადაა ჩავარდნილი და სიახლეების გაგების ერთადერთი საშუალებაა სწორედ შაბათის ინფორმაცია, მოუთმენლად ელიან ამ დღეს.

სანდრო ჯორბენაძე
ამხანაგობის თავმჯდომარე


მართალია, ხალისი დამიკარგეთ (მეგონა შაბათის ინფორმაცია თქვენთვისაც სასიამოვნო იქნებოდა), მაგრამ მაინც გთავაზობთ დღევანდელ გადაღებულ ფოტოებს. ვისაც არ გჯერავთ, შეგიძლიათ ადგილზე მიბრძანდეთ.

ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს მეორე სართულის გადახურვა, ყალიბებში ჩასმა ან არმატურის დაწნა:








„ზ“ სადარბაზოს მშენებლობამ მე-3 სართულისკენ გადაიწია:







„თ“ და „ი“ სადარბაზოსთვისაც მთავრდება მეორე სართულის ბოძების ბეტონში ჩასმა;






ბოლო სადარბაზოებისთვის იწყება ტერიტორიის გასუფთავება ფილის დასაგებად. აქ დარჩენილია თითზე ჩამოსათვლელი ხიმინჯების ჩასმა, მათ შორის ეზოს ბოლოსკენ:








„ბაუერი“ დაამთავრებს თუ არა ამ დარჩენილი ხიმინჯების ჩასმას, დაგვემშვიდობება და გაუდგება გზას სხვა მშენებლობისკენ. მისთვის ტერიტორიიდან ყიფშიძის ქუჩისკენ გასასვლელი გზა უკვე გამზადებულია:




გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერსაც:












სანდრო

Saturday 23 April 2022

 მოგესალმებით ყველას,


გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!



უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს!


აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მშენებლობაზე სააღდგომო დასვენების დღეებია.

მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი საქმე გაკეთდა წინა კვირასთან შედარებით.

შეიძლება ითქვას, რომ ყოველი სამუშაო დღე საკმაო მანძილით წინ გადადგმული ნაბიჯია.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“ სადარბაზოსთვის ბოძები გაშრა და მზადდება ყალიბები „რიგელებისთვის“.

„ბ“ სადარბაზოსთვის შრება ბოძები, ხოლო „გ“ სადარბაზოსთვის ყალიბებში ჩაისხა ბეტონი:









„ზ“ სადარბაზოსთვის ასევე მიმდინარეობს მეორე სართულის „რიგელებისთვის“ ყალიბის მომზადება და გადახურვისთვის არმატურის დაწნა. ასევე, ყრუ კედლების ბეტონში ჩასხმა:






„თ“ სადარბაზოს ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე ჩაისხა სვეტები, რომელიც ამ ეტაპზე შრება:





„ი“ სადარბაზოსთვის _ ყალიბებში შაისხა ბეტონი:







სულ მალე ბოლო სადარბაზოებისთვისაც დამთავრდება ხიმინჯების ჩასმა:




მშენებლობაზე შემოტანილია არმატურის ახალი მარაგი:



ბოლო ნაწილში, მიმდინარეობს წლების წინ ჩამონგრეული ნაწილის აღდგენა-გამაგრება:




ბოდიშს გიხდით ზოგიერთი ფოტოს უხარისხობის გამო.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

ქ რ ი ს ტ ე    ა ღ დ გ ა !


Tuesday 19 April 2022

 მ ი ლ ო ც ვ ა


ვულოცავთ ჩვენი ამხანაგობის წევრ ბატონ რამაზ გახოკიძეს 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევას!

Saturday 16 April 2022

 მოგესალმებით ყველას.


გილოცავთ ხვალინდელ ბზობის ბრწინვალე დღესასწაულს!



გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.


„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოს ადგილზე მიმდინარეობს სვეტების ბეტონში ჩასხმა. ნაწილი უკვე ჩაისხა და გაშრა, ნაწილი ყალიბებშია მოქცეული და მათში ბეტონია ჩასხმული. დანარჩენ სვეტრებზეც ეტაპობრივად იგივე ქმედებები განხორციელდება:










„ზ“ სადარბაზოს ყალიბებში ჩაისხა ბეტონი მე-2 სართულისთვის:









მზადდება (იწნება) არმატურა „თ“ და შემდგომი სადარბაზოებისთვის 1-ლი სართულის გადასახურად:








ბოლო სადარბაზოებისთვის თითქმის დამთავრდა ხიმინჯების ჩასხმა (თითზე ჩამოსათვლელი დარჩა):








ყიფშიძის ქუჩის მხრიდან ისევ კეთდება დროებითი გზა. ეს გზა მოიშალა იმის გამო, რომ „დ“, „ე“ და „ვ“ სადარბაზოების ადგილზე ჩასხმულიყო ხიმინჯები. იმინჯები ჩაისვა.

ამ ეტაპზე გზა ისევ უნდა აღდგეს, რადგან „ბაუერი“, რომელიც ხიმინჯებისთვის ჭრის მიწას მთავარი გზიდან ვერ გაეტევა და ამიტომ ამ გზით უნდა გავიდეს.

„ბაუერის“ დამშვიდობებისთანავე დაიწყება „დ“, „ე“ და „ვ“ სადარბაზოს ადგილზე ფილის დაგება:



 

გთავაზობთ მცირე ვიდეოჩანაწერებსაც: