Thursday 28 January 2021

გამარჯობა მეზობლებო,

გილოცავთ გუშინდელ ნინოობას!


მშენებლობის დღევანდელი სიტუაცია ასეთია _ მარჯვენა მხრიდან მიმდინარეობს დარჩენილი ნამსხვრევების გატანა:




პარალელურად, მარცხენა მხარეს დაიწყეს მიწის ჩაღრმავება:




ეზოში არსებული ძველი ჯიხურისგან ესღა დარჩა:



მიწის სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მხრიდან:





ცოტა ხანში ავტომობილის ეს დასაყენებელიც აღარ იარსებებს. უკვე საშიშია დაყენება, რადგან მარჯვენა მხრიდან თითქმის ბოლომდეა ჩამოშლილი:



სხვა სიახლე ისაა, რომ ინვესტორმა ჩაატარებინა კონსტრუქციების ექსპერტიზა. მათი დასკვნა ამ დღეებში იქნება ცნობილი. ამასთან, თებერვლის პირველ კვირაში არქიტექტორი დაგვპირდა პროექტის დასრულებას. ამის შემდეგ კონსტრუქციის ექსპერტიზის დასკვნას და პროექტს წარვუდგენთ მერიას. პარალელურად გაგრძელდება მიწის სამუშაოები.


Friday 22 January 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,

გილოცავთ გასულ ნათლისღებას!

გილოცავთ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებას!

გილოცავთ საქართველოში კორონა ვირუსის შემცირებას!


ამასობაში ჩვენი მშენებლობა წინ მიიწევს. ხვალ, 23 იანვარს ფაქტობრივად დამთავრდება სამშენებლო პოლიგონის მომზადება.

გადავხედოთ დღევანდელ სიტუაციას. დავიწყოთ მარჯვნიდან, ტატიშვილის კლინიკის მხრიდან:

ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორაა მოსწორებული ეზო, ნასახიც აღარაა იმ გორების, რომელიც აქ იყო, ქმნიდა ანტისანიტარიას და ამავე დროს საშიშიც იყო სხვადასხვა მწერებისა თუ არასასიამოვნო არსებების გამო.

გთავაზობთ მარჯვენა მხარის ფოტოებს სხვადასხვა რაკურსით:





გადმოვინაცვლოთ შენობის დაუნგრეველი ნაწილისკენ. აქაც მოკრიალებულია ყველაფერი:



ძველით ახალი წლის შემდეგ ჩვენმა „კოდალა-ექსკავატორმა“ დაიწყო იმ ნარჩენების მოშლა, რომელიც რომისა და ძვ. საბერძნეთის ნანგრევებს მოგაგონებდათ:



ხვალ დამთავრება ამ ნარჩენების მონგრევაც. ამჟამად სწორედ ეს საქმიანობა მიმდინარეობს:


გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაიწყეს მიწის გრუნტის შემოწმება. ამოთხარეს ორმოები, რადგან შემდეგი კვირიდან უნდა დაიწყოს მიწის ამოღება, რადგან ეზოს ქვეშ იქნება ავტომობილების საპარკინგე:




იყო დრო, როდესაც პოლიციასაც კი ეშინოდა ჩვენ ეზოში შესვლა, სადაც კრიმინალები, ბომჟები, ნარკომანები და ლოთები თარეშობდნენ. დღეს კი, როგორც მოსაღამოვდება, პროჟექტორები ინთება და განათებულია მშენებლობა:



გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება!


Wednesday 13 January 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,

გილოცავთ ძველით ახალ წელს!

სიხარული და ბედნიერება არ მოკლებოდეს თქვენ ოჯახებს!


ერთი სიახლე

როოგორც იცით, იმის გამო, რომ ბევრმა ადამიანმა უარი განაცხადა ფართის დამატებისთვის თანხის გადახდაზე, არქიტექტორი შიდა განლაგების ახალ პროექტზე მუშაობს, სადაც თითქმის ყველა დაკმაყოფილებული იქნება 120 და 140 კვ.მ ფართებით, ოღონდ ზოგს იქვე დარჩება სადაც არის, ზოგს სხვა სადარბაზოებში.

როგორც არქიტექტორმა განაცხადა, პროექტი გადავიდა დამთავრების სტადიაზე. მისი თხოვნაა, რომ თუ ვინმეს სურს უფრო მეტი ფართის მიღება, ვიდრე ეკუთვნის და მზადაა ზედმეტ ფართზე დაამატოს თანხა _ ამ დღეებში შეგვატყობინოთ. ამით არქიტექტორს უფრო გაუადვილდება სხვა სადარბაზოებში 120 და 140 კვ.მ ბინების დაპროექტება. გარდა ამისა, მასთან და ინვესტორთან შეთანხმებით (ფასის დადგენის შემდეგ) შეგეძლებათ თვითონ შეუკვეთოთ ის ფართი, რისი გადახდის საშუალებაც გაქვთ. 

თუ ვინმეს აქვს ამის სურვილი, გთხოვთ მიმართოთ ამხანაგობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძეს (ტელეფონზე ან მეილზე). სურვილის მიხედვით, კონფიდენციალურობა დაცული იქნება. დღეისთვის ამხანაგობის ორმა წევრმა უკვე გამოხატა ასეთი სურვილი.

იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუიშაობს ბევრი ვერ ახერხებს მშენებლობაზე მისვლას და ითხოვს ფოტოების დადებას. 4 დღის წინ დავდე ფოტოები. იმის შემდეგ ბევრი რამ არ შეცვლილა. მუშაობა გაჩაღებულია. მიწა სწორდება ჰოკეის მოედანივით. მაინც გთავაზობთ დღევანდელ რამდენიმე ფოტოს:

ეზოს სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება:



ცოტა ხანში ავტომობილების ამოსასვლელი ეს გზაც აღარ იქნება:


ამ დიდ მანქანებს ძალიან უჭირთ (ხშირად ჩახერგილია) ეზოდან გასვლა, რადგან მიდიან მარჯვნივ, მოძრაობის საწინააღმდეგოდ (ამის ნებართვა აქვთ), რათა გავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე:


ასევე სირთულეს წარმოადგენს ყიფშიძის ქუჩაზე გასვლა:


მალე სხვგა ჩასასვლელი გაკეთდება ყიფშიძის მხრიდან, რადგან არსებული გზიდან უფრო დიდი მანქანების და ამწის შემოყვანა შეუძლებელია.

ბედნიერ წელს გისურვებთ!

Saturday 9 January 2021

 კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!

უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ!


ინვესტორმა შეასრულა თავისი პირობა და 8 იანვარს განაახლა ინტენსიური მუშაობა. ისევ რიგი დადგა თვითმცლელი მანქანების. ექსკავატორი ინტენსიურად მუშაობს.



გუშინ 6 მანქანა მუშაობდა, დღეს 10. თუმცა 1 გაფუჭდა და 9 თვითმცლელმა გააგრძელა საქმიანობა. თითოს გააქვს 4-5 გზა დღეში. მერიის მიერ დაწესებულია ამ მასალის გადაყრის 2 ადგილი _ ფონიჭალა და გლდანი. გასათვალისწინებელია ის, რომ 1 გზა 150 ლარი ჯდება, თვითონ დათვალეთ რა ოდენობის სამუშაო ხორციელდება დღის მანძილზე



ექსკავატორი უზარმაზარ ლოდებს ეჭიდება




ძველი ჯიხურიც ერთი დარტყმით გადმოაბრუნა და დაანგრია



თვითმცლელი ავტომობილებიც საკმაოდ ტევადობისაა






„კოდალას“ დარჩა მცირე, უფრო ფაქიზი სამუშაო შენობის ბოლოსკენ, რაც იუველირულ შესრულებას მოითხოვს და ამისთვის აუცილებელია მიწის და ნანგრევების გატანა.



„კოდალას“ დარჩა „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსის საძირკველთან ნარჩენების დანგრევაც, რომელიც ძველი საბერძნეთისა და რომის სასახლეების ნანგრევებს ჰგავს. ესენიც მიწის რაღაც დონის გასუფთავების შემდეგ მოხდება





იმის გამო, რომ „კოდალას“ ჯერ არ აქვს სამუშაო, მას გამოეცვალა ნისკარტი და გარდაიქმნა ექსკავატორად, რომელიც ეხმარება პირველ ექსკავატორს, რომ უფრო ჩქარა გაგრძელდეს მუშაობა და თვითმცლელი მანქანები არ მოცდეს რიგში დგომით





მიწის გატანისას მანქანაზე გადაფარებულია დამცავი საშუალება, რათა ქარმა არ გადაყაროს



კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნამდვილად არ გვსურდა საუბარი, მით უფრო ახალი წლის დღეებში, მაგრამ სხვა გზა არაა, უნდა ითქვას.

ძალიან ვთხოვთ, გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც არ იშლის თავისას და ჩხუბი და ბოღმა შობა-ახალ წელსაც აწუხებს. ამხანაგობის წევრებმა კარგად უწყიან ამ ადამიანების ყიამყრალობის შესახებ. ინვესტორი არ გიცნობთ და ნუ გააცნობთ საკუთარ თავს. გთხოვთ, ნუ ურეკავთ ინვესტორს და ნუ ეჩხუბებით, ნუ ლანძღავთ.

სჩხუბარი როცა იქნება, ამხანაგობის გამგეობა და თავმჯდომარე იქნება პირველი, ვინც ამას გააკეთებს. ინვესტორთან საჩხუბარი ჯერ არაფერია. აქვთ საოცარი კეთილგანწყობა ჩვენ მიმართ, იმდენად, რომ მესამე პირების (58 ოჯახი) დამატებით გამოჩენაზე (5-6 ოჯახი), ჩვენი დიპლომატიისა და ჩვენი მხრიდანაც კეთილგანწყობის გამო პრეტენზია ჩვენთან არ აქვთ და თვითონ გადაწყვეტენ ამ პრობლემას. წარმოიდგინეთ, რომ ამ ახალი ოჯახების დაკმაყოფილება ჩვენთვის დაეკისრებინათ რა დღეში ჩავვარდებოდით.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნებისმიერი პრეტენზია შეატყობინოთ თავმჯდომარეს და რამდენიმე დღეში მიიღებთ პასუხს.

დაუჯერებელია, რომ ვიღაცა კიდევ იმაზე ფიქრობს, რომ მშენებლობა შეჩერდეს ან ინვესტორი გავაქციოთ.

შეიძლება უხეშ ნათქვამად ჩაითვალოს, მაგრამ იქნებ ამხანაგობის ამ წევრფებმა გადააბრუნოთ თქვენი ტვინები და თანამშრომლობისკენ და არა ხელშეშლისკენ მიმართოთ დაუოკებელი ენერგია. ხელშემშლელები ისედაც ბევრი გვყავს.

იმედი გვაქვს, რომ თქვენ ბოროტ განზრახვებს სიკეთით შეცვლით.

გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს! 



Monday 4 January 2021

 ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველას 2021 წელს!


დაპირებისამებრ, ჩვენმა ინვესტორმა დღეს განაახლა მუშაობა. ჯერ მხოლოდ „კოდალა“ იმუშავებს რამდენიმე დღე.

დაახლოებით 11 საათზე მოვინახულე მშენებლობა. უქმე დღეების გამოცხადების გამო იყო იდეალური სიჩუმე, რომელსაც აზანზარებდა ჩვენი „კოდალას“ საშინელი ვიბრაციისა და კაკუნის ხმა. 

როგორც კი დამინახეს, გვერდზე სახლის მაცხოვრებლები შემომეხვივნენ და დაიწყეს უკმაყოფილების გამოხატვა. ტრადიციულად ისევ დაგვემუქრნენ მერიაში ჩივილით.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ მართლაც საშინელი ხმა აქვს „კოდალას“. კიდევ კარგი რუსული კოდალა არაა, თორემ წარმომიდგენია მაშინ რა მოხდებოდა.

თუ წარმოიდგენთ, რომ ყიფშიძეზე ცხოვრობთ და ამ ხმას უსმენთ, მართლაც ძნელი ასატანია, მაგრამ ამის შეჩერება უკვა აღარ იქნება. „კოდალას“ სურ ცოტა დარჩა სამუშაო და შემდეგ გაქრება მისი ხმა. 

იქამდე, ვინც თქვენი ნაცნობია, ახლობელია ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრები, ჩვენი სახელით მოუხადეთ ბოდიში და მადლობა მოთმინებისთვის. ის რასაც ეს მაცხოვრებლები გამოხატავენ ჩვენთან ურთიერთობაში წუწუნად მივიჩნიოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს! 

დაემალეთ კორონას და სახლის აშენების შემდეგ ერთად გადავიხადოთ დიდი ქეიფი.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

მარჯვენა მხარეს (ტატიშვილის კლინიკის მიმართულებით) დანგრევა თითქმის დამთავრდა. დარჩა დანგრეულის გატანა:


„კოდალა“ მცირე ნაწილი დარჩა მოსანგრევი:



დღევანდელი გრევის პროცესი უფრო ახლოდან: