Tuesday 29 June 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


28 ივნისს დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენი მშენებლობის.

კერძოდ, მოხდა „ბაგები 502 წევრებსა და „გუმბათი ჰოლდინგს“ შორის შეთანხმება ფართებისა და სართულის თაობაზე. პირველი ეტაპი იყო „დ“ სადარბაზოს მაცხოვრებლებთან შეთანხმების დადება.

„ბაგები 502-ის“ წევრების უმრავლესობამ ხელი მოაწერა აამ გარიგებას, რომლითაც უმრავლესობა ეთანხმება ბინის მიღებას იმავე სართულზე. იმავე ფართით.

სამწუხაროდ აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება აღნიშნულ შეთანხმებას და არ მოაწერა ხელი. ალბათ იმაზე მეტს ელის ვიდრე ეკუთვნის, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან ყველანი მიიღებთ იმ ფართს, რაც გეკუთვნით, და არა იმას რაც თქვენ გსურთ ან გპირდებოდათ წინა გამგეობა. ამ ილუზიებში არ გირჩევთ ყოფნას.

„დ“ სადარბაზოს მაცხოვრებლებთან შედგა საკმაოდ საქმიანი შეხვედრა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა (ძირითადად წინა გამგეობის წევრებმა) კვლავ ყვირილის, კივილისა და დესტრუქციის გზა აირჩიეს. ვინც არ მოაწერს ხელს კუთვნილი ფართის მიღებაზე თანხმობას, თავისუფლად შეუძლია მიმართონ სასამართლოს. 

ნამდვილად გაუგებარია ამ ადამიანების მოქმედება. 40 წელია ელიან  ბინას, რეალური ფაქტის წინაშე დადექი და კიდევ ფიქრობ? 

კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ  ამხანაგობის ძველ გამგეობას, ნუ ასულელებთ ამ ხალხს. არც ერთი სანტიმეტრი ზედმეტი ფართი არ მოგვითხოვია ინვესტორისთვის და ვერც იმ ფართებს მივცემთ ძველ გამგეობას რასაც პირდებოდით დამატებით. ეს ზღაპარია და ამ რეალობას უნდა შეეგუოთ. მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც გეკუთვნით და არა ზედმეტ ფართს.

გუშინ, 29 ინვისს შედგა შეხვედრა იმ 8 პირთან, რომლებმაც  ყადაღა დაადეს მშენებლობას. ჩვენ თავზე ავიღეთ ის აგრესია, რაც მათი მხრიდან მომდინარეობდა. ასეთი რა ჩაიდინა წინა გამგეობამ, რომ ეს ხალხი არა თუ უარყოფითად, არამედ აგრესიულად, ზიზღით იყო განწყობილი ჩვენ მიმართ. 

2 საათიანი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით,  რომ მოხდება შეთანხმება და სარჩელის გამოტანა სასამართლოდან. თუმცა ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რადგან ზოგიერთი მათგანი უცხოეთშია წასული და საჭიროა შესაბამისი რწმუნებების გაკეთება.

მთავარია, რომ 8-ვე ადამიანი მზადაა გამოიტყანოს სარჩელი სასამართლოდან.

მშენებლობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს.

უმრავლესობას ჰგონია, რომ ამწის შემოყვანა ნიშნავს მსენებლობის დაწყებას. ეს არასწორია.

მერიის დადგენილებაში ნათლად იკითხება, რომ ნგრევაც კი, მშენებლობის ეყტაპია.

ამ ეტაპზე  აუცილებელია ხიმინჯების  გაკეთება, რომელზეც დგას მშენებლობა.

აღმოჩნდა, რომ 97 ხიმინჯის ნაცვლად კომპანია „თბილისს“ გაუკეთების 47 ხიმინჯი, მარტო „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე. შესაბამისად, აუცილებელია ახალი ხიმინჯების გაკეთება. ასევეა სხვა სადარბაზოების ადგილზე. ამრიგად, ამ ეტაპზე ინვესტორი იწყებს ხიმინჯების გაკეთებას.

დავუბრუნდეთ „ბაგები 502-ს“. დღეს ან ხვალ მოხდება „ე“ სადარბაზოსთან შეხვედრა. დაგიკავშირებათ  „გუმბათი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი. ის ადამიანები, ვინც ვერ ახერხებთ ინვესტორთან მისვლა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, შეგიძლიათ გაუკეთოთ რწმუნება თქვენთვის სანდო პირს. ეს ეხება სხვა სადარბაზოებს. რწმუნებაში მითითებული უნდა იყოს „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-თან“ დაკავშირებული ქმედებები. ვისაც სამკვიდრო გაქვთ გასაკეტებელი, დროზე გააკეთეთ და წარმოადგინეთ.

ამხანაგობის ზოგიერთ წევრს სურს უფრო მეტი ფართის ყიდვა. ასეთის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირხდეთ ან თვითონ „გუმბათის“ ოფისს (599 522 522) ან სანდრო ჯორბენაძეს. ეს ეხება ასევე, 120 და 140 კვ.მ-ის გააცვლას.

დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნა იყო, რომ საქმის დროულად დამთავრებისთვის აუცილებელია თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტების წარდგენა. ამან გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა ზოგიერთ წევრს შორის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გამგეობას არცერთი ფოკუმენტი წინა თავმჯდომარემ და გამგეობის წევრებმა არ გადმოგვცეს. შესაბამისად, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ყოფილი თავმჯდომარისთვის გადაცემული დოკუმენტები ჩვენთანაა. რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

თანხის გადახდის დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არაა, რადგან სახელმწიფოს მიერ აღიარებულია შიდა ვალად (გარდა გულუასი). 

ჩვენი თხოვნაა, რომ არ დაგვირეკოთ ვინმეს ლანძღვის, წყევლის და გინების გამო. ამის მოსმენის არც დროა და არც სურვილი. ვისაც მოგენატრათ ძველი კრებები, შეხვდით ერთმანეთს და რამდენიც გინდათ იმდენი ილანძეთ და იგინეთ.

ჩვენ ნუ გვაკარგვინებთ სამუშაო დროს.

 

Saturday 26 June 2021

 ძვირფასო მეგობრებო,

როგორც შეგატყობინეთ, ორშაბათიდან, 28 ივნისიდან ინვესტორი იწყებს ყველა თქვენგანთან გასაუბრებას. საუბარია „ბაგები 504-ის“ 128 წევრზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ დაბარება-შეთანხმებას იწყებენ „დ“ სადარბაზოდან.

ინვესტორის წარმომადგენელი დაგირეკავთ და დაგიბარებენ. გაგაცნობენ თქვენ სართულს და ოთახების განლაგებას ახალ პროექტში. აქედან გამომდინარე ხელი სამმხრივად (თქვენ, ინვესტორი და ბმა „ბაგები 504-ის“ თავნჯდომარე) მოეწერება შეთანხმებას სართულისა და ფართის თაობაზე. ყველას ფართი უცვლელია, ხოლო სართული და სადარბაზო იგივე რჩება 99 % შემთხვევაში.

დროის მოგების მიზნით, უმჯობესია თან იქონიოთ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

კიდევ გიმეორებთ, რომ დარეკვას ახორციელებს ინვესტორი, რომელიც შეისწავლის მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს, 

აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურია ზოგიერთის სულსწრაფობა და სატელეფონო ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ვუშუამდგომლოთ მათ უფრო ადრე დაბარების თაობაზე.

ბოდიში, მაგრამ 40 წელია იცდით და რამდენიმე დღე ვეღარ მოგითმენიათ?

გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები წევრები, რომლებიც საქართველოში არიან და უცხოეთში წასვლამდე რამდენიმე დღე აქვთ დარჩენილი.

ინვესტორი იწყებს გასაუბრფებას დამყადაღებელ 8 პირთანაც.

Friday 25 June 2021

 მნიშვნელოვანი ინფორმაცია


ბევრი თქვენგანის ინტერესია შენობის პროექტი და სხვა დოკუმენტური მასალა. ამ მასალას საიტზე დადებისთანავე ეცნობიან მეზობელი კორპუსის ქრონიკული მომჩივანე მეზობლები.

დროა თქვენც იცოდეთ ამის შესახებ, იმათმა, ვინც ვერ შედის tas.ge-ზე.

გთავაზობთ ლინკებს, რომლებიც ჩვენი სახლის მშენებლობას შეეხება.

1. https://tas.ge/?p=publicpage&documentId=811916

ამ ლინკზე განთავსებულია ყველაფერი _ ნებართვა, პროექტი და სხვ.

2. https://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=3212447

ესაა გენგეგმის ლინკი:



3. https://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=3212212

ესაა პროექტი, რომელიც უნდა აშენდეს:






























4. https://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=3212213

ესაა ჭრილები.


5. https://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=3212214

ესაა ფასადები:






 ძვირფასო მეგობრებო,

ორშაბათიდან, 28 ივნისიდან ინვესტორი იწყებს ყველა თქვენგანთან გასაუბრებას. შესაბამისად, დაგირეკავენ და დაგიბარებენ, რათა გაგაცნონ თქვენი სართული და ოთახების განლაგება ახალ პროექტში. აქედან გამომდინარე ხელი მოეწერება შეთანხმებას სართულისა და ფართის თაობაზე. ფართი ყველასი უცვლელია, ხოლო სართული და სადარბაზო იგივე რჩება 99 % შემთხვევაში.

დროის მოგების მიზნით, უმჯობესია თან იქონიოთ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

დაბარება-შეთანხმებას იწყებენ „დ“ სადარბაზოდან. 

ზოგიერთ მათგანს უკვე დაურეკეს და შეატყობინეს კიდეც, ზოგს დაურეკავენ. 

გასაგებია, რომ 40 წლის მანძილზე ყველას და ყველაფრის რწმენა დაკარგეთ, მაგრამ გადამოწმება და გადმორეკვები საჭირო აღარაა, რადგან ეს რეალობაა, 100 % სიმართლე.

ჩვენ არასდროს დაგვიდია ტყუილი ინფორმაცია.

იმ კვირაშივე დაიწყება გასაუბრებები დამყადაღებელ 8 პირთან.

Saturday 19 June 2021

მოგესალმებით მეგობრებო,


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეზობელი სახლის ზოგიერთი ინტრიგანი (სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ) მაცხოვრებელი კვლავ აპირებს ჩვენ წინააღმდეგ გამოსვლას (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი მათი მეზობელი არ აჰყვა და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი უაზრო მოთხოვნების გამო, თქვენ ცოდვაში ვერ ჩავდგებითო).

თითქოს არ იცოდნენ წლების წინ, ამ ადგილზე რომ უნდა აშენებულიყო სახლი და გარკვეულ ხედვის არეს შეუზღუდავდა.

იცოდნენ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, მაგრამ აქამდე დუმდნენ.

ჯერ დაიწყეს ხმაური გვაწუხებსო. 3 „კოდალიდან“ დავედით 1 „კოდალის“ მუშაობამდე, რომელსაც შევუმცირეთ სამუშაო საათები 11-18 მონაკვეთის პერიოდით, შაბათს 11-17:30 საათის მანძილზე, კვირას საერთოდ არ მუშაობდა, დასანგრევ ბეტონის ბოძებს ისე ვრწყავდით, როგორც იშვიათი ჯიშის მცენარეს, მუდამ გულწრფელად ვუხდიდით ბოდიშს |შეწუხებისთვის, ნაგვის ურნები ჩვენ ტერიტორიაზე დავუდგით, მაგრამ ვერაფერი დაინახეს.

იმადური ადამიანი არასდროს არაა კმაყოფილი და ობიექტური.

ჩვენი კეთილგანწყობა, ჩვენ სისუსტედ მიიჩნიეს და რქებით დაიწყეს მოწოლა.

რას ითხოვენ გაუგებარია. ჯერ ხმაური, რომელიც აღმოჩნდა, რომ სტანდარტების ფარგლებში ჯდებოდა, მერე _ მტვერი, რომელიც ასევე სტანდარტებს არ გასცდენია.

შემდეგი იყო სახლის რყევები, რომელიც თითქოს ანგრევდა მათ სახლებს, ესეც რიტორიკა აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ბზარები, რომელიც ვერ დაამტკიცეს.

ეხლა კიდევ ახალ რაღაცას იგონებენ. რა ეწოდება ამას, გარდა იმისა, თუ არა ინტრიგანობა, ბოღმობა და ბოროტება?

რომელიმეს ოდნავ მაინც თუ მოუსმენია 40-წლიანი მშენებლობით დატანჯული ხალხისთვის? რა თქმა უნდა არა. მათ სხვა ინტერესები აქვთ. ვიღაცისთვის თურმე აზრი ეკარგება ვაკეში ცხოვრებას, თუ ტელეანძას არ უყურა. მეორე, მანქანის პარპრიზის შესაცვლელად 200 ლარს ითხოვს, სხვები სხვას და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ჩივიან და ჩივიან. კიდევ კარგი 30-იანი წლები არაა, თორემ ალბათ ყველა ჩვენგანს ცრუ ბრალდებების საფუძველზე დაგვხვრეტდნენ ან გადაგვასახლებდნენ. გადასახლებას ახლაც ითხოვენ.

ამჯერად, მერიაში (სამშაბათს, 22 ივნისს, 16 საათზე) აპირებენ ნებართვის გაუქმების თაობაზე მერიასთან აქტივობას და ჩივილს (22 ივნისი ისეთი თარიღია, რომ 80 წლის წინანდელი ამბების ასოციაციას იწვევს და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ“).

თუ მერია დაგვიძახებს, ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათ აბსურდულ და უკანონო საჩივრებს და გავცემთ პასუხს.

ჩვენი ყველა ქმედება, ინვესტორის მიერ წარდგენილი ყველა საბუთი ჯდება კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა ჩარჩოში.

მეგობრებო, ვიქცევით ცივილიზებულად და არა მათსავით ქაჯურად. თუ მერია არ დაგვიძახებს, არ მივდივართ. თუ შეილახება და საჭირო გახდება თქვენი უფლებების დაცვა სხვადასხვა გზით, არც ამას მოვერიდებით, მათ შორის თქვენივე აქტივობითა და ჩართულობით.

ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. 40-წლიანი ლოდინი უნდა დაგვირგვინდეს წარმატებით, იმ ხალხის გასახარად, რომლებმაც დაიწყეს (დარჩენილია მათი 20 %) ამხანაგობის შექმნა და იმ ხალხის სულების მოსახსენიებლად, ვინც მრავალწლიანი ლოდინის მიუხედავად ვერ მოესწრო ბინის მიღებას.

ყველაფერი კარგად იქნება. მშენებლობა მალე დაიწყება და ბინებიც მალე გექნებათ.

იქამდე, გთავაზობთ მომჩივანი ქალბატონების ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ 8 აპრილის ბრძანების ტექსტს, რომლის გამოქვეყნებასაც გვთხოვს ჩვენი ამხანაგობის წევრები.








Wednesday 16 June 2021

 ძ ვ ი რ ფ ა ს ო   მ ე გ ო ბ რ ე ბ ო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს, მშენებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებით.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყიფშიძის ქუჩის მეზობელი რამდენიმე სახლი აპირებს ჩვენი და ინვესტორის წინააღმდეგ რაღაც ქმედებების განხორციელებას.

რადგანაც, ჩვენ და ინვესტორი გამოვდივართ ერთი, მთლიანი გუნდის სახით, ვალდებული ვართ დავიცვათ მათი ინტერესებიც.

ვიყოთ მობილიზებულები, ერთ მუშტად შეკრული და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, გვერდში დავუდგეთ ინვესტორს და ბოლომდე მივიყვანოთ თითქმის ნახევარსუკუნოვანი მშენებლობა. დარჩა ბოლო ეტაპი, ბოლო ოთხწლედი.

ყველაფრის ფასად უნდა დავიცვათ ეს მიღწევა. სწორედ თქვენ აქტიურობაზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება საქმე _ ვივლით წინ, მშენებლობის დამთავრებისკენ, თუ წყალში გადავყრით ამდენი წლის ნაშრომ-ნაწვალებს.

ღმერთი, სიმართლე და სამართალი ჩვენსკენაა.


გთავაზობთ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებას # 5451341







Tuesday 15 June 2021

 გილოცავთ!

 გ ი ლ ო ც ა ვ თ !

 გ  ი  ლ  ო  ც  ა  ვ  თ  !


მეგობრებო, მეზობლებო გილოცავთ!

დღეს ისტორიული დღეა.

სულ რამდენიმე წუთის წინ, მერიისგან მივიღეთ მშენებლობის ნებართვა.

ამას დეიდი ხანია ველოდით. 

40-წლიანი ბინის მშენებლობის ეპოპეა ბოლო ეტაპზე გადავიდა.

სულ რამდენიმე წელი და შეძლებთ ბინაში შესვლას.

ყველაზე დიდ მადლობას იმსახურებს ჩვენი ინვესტორი _ კომპანია „გუმბათი“, რომელიც საოცარი მოთმინებით, სკრუპულოზურად ასრულებდა მერიის ყველა მოთხოვნებს.

მათ მოუწიათ იმაზე მეტი თანხის გადახდა, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი. სამაგიეროდ, ჩვენ შევძლებთ უსაფრთხო და მყარ სახლში ცხოვრებას.

დიდი მადლობა ბატონ მერაბ ტყეშელაშვილს, სოსო მაჩაიძეს, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მეზობელი სახლებიდან მომდინარე უკმაყოფილება მინიმუმამდე დაეყვანათ.

ეს ხალხი მშენებლობას აწარმოებს არა მარტო როგორც კომერციული ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ ფულის მოგება აინტერესებს, არამედ როგორც ერთი გუნდის წევრები, როგორც ადამიანები, კეთილგანწყობილი პიროვნებები.

მადლობას ვუხდით გვერდითა სახლების იმ მაცხოვრებელებს, რომლებიც შეგნებულად მიუდგნენ არსებულ მდგომარეობას და ითმენდნენ „კოდალას“ ხმას. ეს განსაკუთრებით ეხება „მზერას“ კორპუსს.

მადლობა თბილისის მერიას, რომელიც ხშირად სხვადასხვა დოკუმენტების, ცნობებისა და დასკვნების მოთხოვნის სიხშირით, ამხანაგობის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ ასრულებდა თავის დანაპირებს _ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული მშენებლობების დასრულება და დაზარალებულთა დაკმაყოფილება.

მალე დაიწყება ყველასთან ინდივიდუალური გასაუბრება. მათ შორის 128 ოჯახთან. ასევე, იმ 8 ადამიანთან ვისაც სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი.

მშენებლობაც მალე დაიწყება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ!

Saturday 5 June 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


მოსალოცი საქმეა _ ძველი შენობა დანგრეულია!

ეს შედეგი უნდა დამდგარიყო 10 აპრილს. ფაქტობრივად, გვერდითა სახლების ზოგიერთი მაცხოვრებლის „აქტიურობამ“ გამოიწვია ის, რომ ჩვენ 2 თვით გაგვიხანგრძლივდა დემონტაჟი, ხოლო თვითონ _ 2 თვე ზედმეტად ისმენდნენ „კოდალას“ ხმას.

დისკომფორტი (კანონიერი ჩარჩოების სფეროში), რომელსაც ისინი გრძნობდნენ აღარაა. მართალია „კოდალა“ 10-11 საათზე იწყებდა მუშაობას, მაგრამ ზოგიერთს აღვიძებდა და ამით მათ უკმაყოფილებას ვიმსახურებდით. მიუხედავად ჩვენი მხრიდან სამშენებლო რეგულაციების დაცვისა, მაინც ვუხდით ბოდიშს შეწუხებისთვის.

იმედია, მეზობელი სახლებიდან პრეტენზიები დასრულდა.

ჩვენ მზად ვართ, დავივიწყოთ ყველანაირი წყენა. იგივეს მოვითხოვთ მათგანაც. კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არაფერი სჯობს. თუ მათ დარჩათ რაიმე საპრეტენზიო, შეუძლიათ მოგვმართონ და ერთად განვიხილოთ საკითხის გადაჭრის გზები რეალობის ფარგლებში.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

დღეს, ჩვენი ეზო მარჯვნიდან მარჯვნიდან-მარცხნივ ასე გამოიყურება:














მშენებლობის პროცესის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დროებითი გზა ჯერ დარჩება. მისი აღება განხორციელდება მოგვიანებით, როდესაც აღარ იქნება გრძელი მანქანების შემოყვანის აუცილებლობა: