მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეზობელი სახლის ზოგიერთი ინტრიგანი (სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ) მაცხოვრებელი კვლავ აპირებს ჩვენ წინააღმდეგ გამოსვლას (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი მათი მეზობელი არ აჰყვა და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი უაზრო მოთხოვნების გამო, თქვენ ცოდვაში ვერ ჩავდგებითო).
თითქოს არ იცოდნენ წლების წინ, ამ ადგილზე რომ უნდა აშენებულიყო სახლი და გარკვეულ ხედვის არეს შეუზღუდავდა.
იცოდნენ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, მაგრამ აქამდე დუმდნენ.
ჯერ დაიწყეს ხმაური გვაწუხებსო. 3 „კოდალიდან“ დავედით 1 „კოდალის“ მუშაობამდე, რომელსაც შევუმცირეთ სამუშაო საათები 11-18 მონაკვეთის პერიოდით, შაბათს 11-17:30 საათის მანძილზე, კვირას საერთოდ არ მუშაობდა, დასანგრევ ბეტონის ბოძებს ისე ვრწყავდით, როგორც იშვიათი ჯიშის მცენარეს, მუდამ გულწრფელად ვუხდიდით ბოდიშს |შეწუხებისთვის, ნაგვის ურნები ჩვენ ტერიტორიაზე დავუდგით, მაგრამ ვერაფერი დაინახეს.
იმადური ადამიანი არასდროს არაა კმაყოფილი და ობიექტური.
ჩვენი კეთილგანწყობა, ჩვენ სისუსტედ მიიჩნიეს და რქებით დაიწყეს მოწოლა.
რას ითხოვენ გაუგებარია. ჯერ ხმაური, რომელიც აღმოჩნდა, რომ სტანდარტების ფარგლებში ჯდებოდა, მერე _ მტვერი, რომელიც ასევე სტანდარტებს არ გასცდენია.
შემდეგი იყო სახლის რყევები, რომელიც თითქოს ანგრევდა მათ სახლებს, ესეც რიტორიკა აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ბზარები, რომელიც ვერ დაამტკიცეს.
ეხლა კიდევ ახალ რაღაცას იგონებენ. რა ეწოდება ამას, გარდა იმისა, თუ არა ინტრიგანობა, ბოღმობა და ბოროტება?
რომელიმეს ოდნავ მაინც თუ მოუსმენია 40-წლიანი მშენებლობით დატანჯული ხალხისთვის? რა თქმა უნდა არა. მათ სხვა ინტერესები აქვთ. ვიღაცისთვის თურმე აზრი ეკარგება ვაკეში ცხოვრებას, თუ ტელეანძას არ უყურა. მეორე, მანქანის პარპრიზის შესაცვლელად 200 ლარს ითხოვს, სხვები სხვას და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ჩივიან და ჩივიან. კიდევ კარგი 30-იანი წლები არაა, თორემ ალბათ ყველა ჩვენგანს ცრუ ბრალდებების საფუძველზე დაგვხვრეტდნენ ან გადაგვასახლებდნენ. გადასახლებას ახლაც ითხოვენ.
ამჯერად, მერიაში (სამშაბათს, 22 ივნისს, 16 საათზე) აპირებენ ნებართვის გაუქმების თაობაზე მერიასთან აქტივობას და ჩივილს (22 ივნისი ისეთი თარიღია, რომ 80 წლის წინანდელი ამბების ასოციაციას იწვევს და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ“).
თუ მერია დაგვიძახებს, ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათ აბსურდულ და უკანონო საჩივრებს და გავცემთ პასუხს.
ჩვენი ყველა ქმედება, ინვესტორის მიერ წარდგენილი ყველა საბუთი ჯდება კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა ჩარჩოში.
მეგობრებო, ვიქცევით ცივილიზებულად და არა მათსავით ქაჯურად. თუ მერია არ დაგვიძახებს, არ მივდივართ. თუ შეილახება და საჭირო გახდება თქვენი უფლებების დაცვა სხვადასხვა გზით, არც ამას მოვერიდებით, მათ შორის თქვენივე აქტივობითა და ჩართულობით.
ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. 40-წლიანი ლოდინი უნდა დაგვირგვინდეს წარმატებით, იმ ხალხის გასახარად, რომლებმაც დაიწყეს (დარჩენილია მათი 20 %) ამხანაგობის შექმნა და იმ ხალხის სულების მოსახსენიებლად, ვინც მრავალწლიანი ლოდინის მიუხედავად ვერ მოესწრო ბინის მიღებას.
ყველაფერი კარგად იქნება. მშენებლობა მალე დაიწყება და ბინებიც მალე გექნებათ.
იქამდე, გთავაზობთ მომჩივანი ქალბატონების ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ 8 აპრილის ბრძანების ტექსტს, რომლის გამოქვეყნებასაც გვთხოვს ჩვენი ამხანაგობის წევრები.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.