ძვირფასო მეგობრებო,
გუშინ, 4 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა განხილვა ჩვენი „ძვირფასი“ მეზობლების საჩივართან დაკავშირებით.
მომჩივანთა 6 პირიდან _ სამი (ნ. ალხაზიშვილი, მ.ირემაშვილი და თ.მაკენზი) ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებელია, ხოლო 3 (ნ.ჯავაშვილი, ნ.ადეიშვილი და ი.ბაკურიძე) ჩვენგან გამოყოფილი ე.წ. „თარგამაძის“, კლინიკა „მზერას“ კორპუსის მაცხოვრებელი.
გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენგან გამოყოფილი „მზერას“ კორპუსის თავმჯდომარესთან, სხვა მაცხოვრებლებთან, ჩვენთან და ინვესტორთან ერთობლივი შეხვედრის დროს შევთანხმდით გარკვეულ თანამშრომლობაზე. მათ შორის, ამ კორპუსისთვის გარკვეული სამუშაოებვის ჩატარებაზე (მაგ., კანალიზაციის მილების მოწესრიგება და სხვ.) შეღავათიან ფასად და ა.შ.
ფაქტია, რომ თვითონ არღვევენ ხელშეკრულებას.
ამ სამი მომჩივნიდან ერთი ბრძანდება თსუ პროფესორის, აწ გარდაცვლილი გიორგი წიბახაშვილის რძალი. გ.წიბახაშვილი ბრძანდებოდა „ბაგები 502-ის“ წევრი. მის მიერ ამხანაგობა „ბაგები 502-ში“ შეტანილია თანხა მთლიანად.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენგან გამოყოფილი სახლი არაა მიღებული ექსპლოატაციაში, შესაბამისად, დღესაც მშენებარის სტატუსი აქვს, დარღვეულია წითელი ხაზები ჩვენი ეზოს მხარეს.
ამ სახლის თავმჯდომარესთან ჩამოყალიბდა კეთილმეზობლური ურთიერთობა (მათი თხოვნით იქნა შემოყვანილი მეორე და მესამე „კოდალა“ ნგრევის პროცესში და სხვ.).
ჩვენი მხრიდან მიიღეს თანხმობა, რომ მივცემდით უფლებას ექსპლუატაციის ჩაბარების თაობაზე, მშენებლობის დასრულებისკენ წასვლის პროცესში, მაგრამ იმ პირობით, თუ ნორმალურად მოიქცეოდნენ და უსაფუძვლოდ არ შეგვიშლიდნენ ხელს მშენებლობაში. სამწუხაროა, რომ ნ.ადეიშვილმა, ი.ბაკურიძემ და ნ.ჯავაშვილ-წიბახაშვილმა ეს პირობა დაარღვიეს. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თანხმობის მიღება აღარ მოხდება ჩვენი სახლის ექსპლოატაციაში გადაცემამდე.
ექვსივე მომჩივანის სახელით, დავის განხილვაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია _ ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (დირექტორი თამთა მიქელაძე).
მათი მოთხოვნა იყო: შეჩერებულიყო არქიტექტურის სამსახურის # 5451341 ბრძანება (მშენებლობის ნებართვა) დავის დასრულებამდე და ამ ბრძანების ბათილად ცნობა.
სხდომას ესწრებოდნენ: მომჩივნები _ ნ.ალხაზიშვილი და სხვა მომჩივნების რწმუნებით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ქუთათელაძე. ჩვენი მხრიდან _ ამხანაგობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე და ქალბატონი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელიც წარმოადგენდა არა მარტო „ბაგები 504-ს“, არამედ ინვესტორსაც (იმის გამო, რომ საჩივარი ჩვენ გადმოგვეცა 29 ივლისს, ქალბატონი ხათუნა იძულებული გახდა გადაედო დასასვენებლად წასვლა).
სხდომა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს (1 საათი და 15 წუთი).
არქიტექტურის სამსახურმა შესაბამისი პასუხი გასცა მომჩივანთა პრეტენზიებს.
მათ მიერ წარმოდგენილი, ვინმე სალომე ბერეჩიკიძის ინსოლაციის ანალიზი სიღრმისეულად მიმოიხილა ხ.გრიგალაშვილმა და სხდომის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქალბატონი ბერეჩიკიძე (მაინც ვერ გავარკვიეთ ვინაა ეს ქალბატონი, რა განათლება აქვს და რა სტატუსი) არაა ექსპერტი. მას უწერია _ სპეციალისტი. რისი, რომელი დარგის და ა.შ. არაფერია მითითებული. გარდა ამისა, კანონმდებლობით არაა მოწესრიგებული და გათვალისწინებული ინსოლაციის კრიტერიუმები.
მართალია ამას დიდი ხანი არ ეთანხმებოდა მომჩივანი მხარე, მაგრამ ბოლოს ვლ. ქუთათელაძემ აღიარა, რომ მათ ვერ მოასწრეს ექსპერტიზის ჩატარება, რითაც აღიარა, რომ ბერეჩიკიძის ანალიზს არავითარი ძალა არ აქვს.
კამათი მიმდინარეობდა მომჩივნების მიერ დაყენებულ სხვა საკითხებზეც:
1. დასახლების მდგრადი განვითარება;
2. საგზაო ბოძრაობის ორგანიზება;
3. მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე;
4. საკუთრების უფლება;
5. ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევა
ინსოლაციის (ტერიტორიის ზედაპირის ან/და შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება) ძირითად საკითხთან ერთად ამ საკითხებმაც საკმაო სამართლებრივი პაექრობა და კამათი გამოიწვია. თუმცა, მათი არგუმენტები ძირითადად ბელეტრისტიკა და ზოგადი ფრაზები იყო, რომელიც ყველა საქმისთვის ერთია _ ადამიანის უფლებები (თითქოს ჩვენ ადამიანები არ ვართ და ჩვენი უფლებები არ ირღვევა), კონსტიტუციის უზენაესობა და ა.შ.
ყველა შემთხვევაში ჩვენი მხარე რჩებოდა გამარჯვებული.
დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს!
არქიტექტურის სამსახურმა მომჩივან ნატო ალხაზიშვილს და დანარჩენ 5 ადამიანს ყველა მოთხოვნაზე უარი უთხრა და არ დააკმაყოფილა.
ეს იყო ამ ხალხის მეორე საჩივარი. ვნახოთ კიდევ რამდენჯერ გვიჩივლებენ. დაგვპირდნენ, რომ # 3 საჩივარი შეტანილი იქნება სასამართლოში. ეს მათი ნებაა. არსებობს ასეთი არაოფიციალური სტატუსი _ ქრონიკული მომჩივანი _ ასეთად მიიჩნევა მესამე საჩივრის შემტანები.
მერიის გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამ თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.