Sunday, 26 July 2020

მომავალო, უკვე თითქმის რეალურო მეზობლებო!

გრძელდება ჩვენი მშენებლობა. უფრო ზუსტად, მშენებლობის პირველი ეტაპი გამოუსადეგარი აშენებულის დანგრევა.
გთავაზობთ გუშინ (25.07.2020) გადაღებულ ფოტოებს.
ფოტოებზე ასახულია ნგრევის პროცესი. ჩვენი მშენებლები იცავენ მერიის მოთხოვნებს და რწყავენ მოსანგრევ ადგილს, რათა არ იყოს მტვერი.
ვაშენებთ სახლს მვერის გარეშე.
მშენებლები პარალელურად ასუფთავებენ დაგროვილ, გადასაყრელ ნანგრევებს. ესეც კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება _ ბეტონი ცალკე gროვდება და შემდეგ იტვირთება სატვირთო მანქანებზე და გადაიყება, რკინა ცალკე და ხის მასალა ცალკე. ამასთან არ შეიძლება ხის მასალის იქვე დაწვა.
თვალის ერთი გადავლებითაც ნათლად ჩანს, რომ დასანგრევი „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების 1/4-ზე მეტი უკვე დანგრეულია.
სავარაუდოდ კიდევ ერთი თვე ალბათ საჭირო იქნება ამ კორპუსების დასანგრევად და ტერიტორიის მოსასუფთავებლად, რათა დაიდგას ამწე.
მოკლედ, თქვენ დაისვენეთ ზღვაზე ან მთაში, ჩვენ ამასობაში დავანგრევთ დასანგრევს.
იხილეთ ფოტოები.





















Saturday, 11 July 2020

ძვირფასო მეგობრებო,

ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და ითხოვს შვილზე ან შვილიშვილზე ბინის გადაფორმებას.
კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ რაც საკუთრებაში ჯერ არაა თქვენზე იმას ვერ გადააფორმებთ სხვაზე. იქამდე, სანამ არ იქნება ბინა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში გადაფორმება შეუძლებელია.
სხვა საკითხია ამხანაგობის წევრობა, მაგრამ წინა გამგეობამ ამხანაგობის წესდებაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ საგადასახადო სამსახური, აგერ უკვე მეორე წელია ამხანაგობის წევრ აფციაურს არ უფორმებს ამხანაგობის წევრობას მის შვილიშვილზე.
საგადასახადომ რომც შეიყვანოს ამხანაგობის წევრად თქვენ მაგივრად რომელიმე მემკვიდრე, ის პროცედურა, რაც უნდა ჩატარდეს საჯარო რეესტრში მაინც გასაკეთებელი იქნება.
გასაგებია, რომ 42 წლის ლოდინის შემდეგ ყველას ერთი სურვილი აქვს დაარეგისტრიროს ბინა, მაგრამ იქონიეთ მოთმინება. ბინა რამდენიმე თვეში დარეგისტრირდება თქვენ სახელზე საჯარო რეესტრში და შემდეგ გადააფორმეთ ვისზეც გინდათ 51 ლარად.
ერთხელ ყველას აგიკრძალეთ სიკვდილი. მიუხედავად ამისა, სატელეფონო ზარები სწორედ ამხანაგობის წევრების ასაკსა და სავარაუდო სიკვდილს ეხება.
ძალიან არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეთი ზარები უსასრულოდ გრძელდება.
დიდი ბოდიშის მოხდით აგიხსნით შემდეგს:
1. დარეგისტრირებამდე გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ იხსნება სამკვიდრო და კანონით მემკვიდრეობის (სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი) შესაბამისად მემკვიდრე იქნება პირველი რიგის მემკვიდრეები _ მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი. აქედან თუ ერთი დაუთმობს მეორეს, ის მეორე გახდება მესაკუთრე.
2. მეორე საშუალებაა ანდერძი (ანდერძით მემკვიდრეობა _ სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლი), რომლის შესახებ ყველამ ყველაფერი იცით.
კიდევ ერთხელმინდა ბოდიში მოვიხადო ასეთი საუბრისთვის, მაგრამ მაიძულეთ.
მშენებლობა არაა საინფორმაციო გადაცემა, რომ ყოველ დღე იყოს ახალი ამბები.
ჩვენი „კოდალა“ ნისკარტდაუსვენებლად მუშაობს კვირაში 6 დღე და ანგრევს „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსებს.
ეტყობა, კორონა ვირუსმა ბევრი ადამიანი გააზარმაცა და მხოლოდ ამ საიტიდან ელის ახალ ამბებს.
იქნებ მიბრძანდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ არსებული სიტუაცია, ხოლო ვინც მიხვედით და გარკვეული დაპირებები მიეცით დარაჯს და მუშებს, კეთი ინებეთ და შეასრულეთ.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ შენობის მონგრეული ნაწილი საკმაოდ დაშორდა მიწას. ისტორიული ფოტოა მუშის დაფიქსირებაც.










Monday, 6 July 2020


სამწუხარო ამბავი

გარდაიცვალა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრი ლიანა თავართქილაძე.
ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ დანაკლისს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

გამგეობა

Tuesday, 30 June 2020

მოგესალმებით მეგობრებო,

ჩვენ მშენებლობაზე მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ „მზერას“ კორპუსმა გვიჩივლა და ცოტახნით (1 დღით) შეჩერდა მშენებლობა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ „კოდალას“ უნდა ემუშავა დაღამებამდე. კორპუსის მაცხოვრებლებმა მერიის შესაბამისი სამსახური დაგვაყენა თავზე.
საბოლოოდ მერიამ „კოდალას“ დაუწესა მუშაობის საათები:
სამუშაო დღეებში _ 18 საათამდე
შაბათს _ 17:30 საათამდე
კვირას _ არ იმუშავებს.
ამასთან, შეგვიზღუდა მტვერის გაფანტვა. ამის გამო დასანგრევი ბეტონი ირწყვება და „კოდალა“ სველ ბეტონს ანგრევს. სიმართლე ითქვას პირველად მესმის მშენებლობის წარმოება მტვერის გარეშე, მაგრამ ამასაც გადავიტანთ. 
ეს ქმედება მშენებლობის ტემპს ცოტათი შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს იმავე რაკურსიდან.
„კოდალა“ გადავიდა ეზოს მხარეს და იქიდან აგრძელებს მუშაობას.








Saturday, 27 June 2020

 ამხანაგობის ძვირფასო წევრებო,

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა ინვესტორის მიერ მშენებლობაზე გაკეთებული წარწერა იმის თაობაზე, რომ მშენებლობას დაიწყებს სექტემბრიდან.
საქმე იმაშია, რომ მას არ აქვს უფლება სხვანაირად თქვას, რადგან ეს ყველაფერი ფორმდება ოფიციალურად, პროექტის დამტკიცების შემდეგ.
ჩვენთვის კი, მშენებლობა შიდა სამუშაოების შესრულების დაწყებიდან იწყება. 
დღეს, 2020 წლის 27 ივნისს დაახლოებით 14 საათზე ინვესტორმა მშენებლობაზე შემოიყვანა ტექნიკა ე.წ. „კოდალა“ და დაიწყო „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების დანგრევა. 
„კოდალათი“ ნგრევის პროცესის დაწყებას ამხანაგობის მხრიდან ესწრებოდა სანდრო ჯორბენაძე და ნინო დოჭვირი.
ნგრევა საკმაოდ ხმაურიანი და მტვრიანი პროცესია, რის გამოც ბოდიშს ვუხდით გვერდითა კორპუსებს მყუდროების დარღვევისათვის. 
ჩვენთვის ეს ხმაური და მტვერი დიდი ხნის სანატრელი ოცნება იყო.
გილოცავთ მეგობრებო ამ ისტორიულ დღეს _ მშენებლობის დაწყებას.
გთავაზობთ „კოდალას“ პირველი დაკაკუნების ფოტოებს.







Thursday, 4 June 2020

ძვირფასო მეგობრებო,

გუშუნ, 3 ინვისს შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომა. სხდომა ჩატარდა შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-ის ოფისში. სხდომის აუცილებლობა გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 95 განკარგულების შემდგომი ქმედებების დაგეგმვის აუცილებლობამ.
ბატონმა მერაბ ტყეშელაშვილმა ისაუბრა ზოგიერთი საკითხის ერთობლივად გადაწვეტის აუცილებლობაზე და წვრილ-წვრილი საკითხების გადაწყვეტაზე. ამასთან ეს იყო უკვე ოფიციალურ მშენებელთან გაცნობის საშუალება.
გუმბათის წარმომადგენელმა სოსო მაჩაიძემ ზოგიერთ წევრს აჩვენა ჩვენი სახლის პროექტის ესკიზები. ეს ესკიზები განსხვავდება 3 თვის წინ ნანახ ესკიზებიდან. როგორც ბატონმა სოსომ განაცხადა, პროექტის სრულყოფა ჯერ მიმდინარეობს. ასე, რომ იგი კიდევ შეიძლება შეიცვალოს.
კომპანია „გუმბათმა“ განაცხადა, რომ მშენებლობას იწყებს ამ თვის ბოლო დეკადაში, სავარაუდოდ 20-27 ივნისს. პირველ რიგში დასანგრევია „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსები. მშენებლობის დაწყებას შეგატყობინებთ.
აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სახლის პროექტი სხვადასხვა კუთხით.
მომავალ სასიხარულო ამბავამდე.

სანდრო ჯორბენაძე

შენიშვნა: წარმოდგენილი პროექტის ფოტოები არაა ბოლო ვარიანტი. თუ შეიცვლება იმასაც დროულად შეგატყობინებთ.






Wednesday, 20 May 2020

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩვენ მშენებლობასთან დაკავშირებული განკარგულება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთავაზობთ ამ განკარგულების ტექსტს.