Friday 7 July 2023

 საღამო მშვიდობისა მეგობრებო,


დღეს შედგა სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

დაიკითხა კომპანოა „თბილისის“ გენერალური დირექტორი გონელ ყურაშვილი. მან ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ის ცალსახად დგას ძასოხოვის მხარეს, თუმცა მის მოსაზრებებს ფაქტებითა და არგუმენტებით კი არ ამყარებს, არამედ ვიღაცის მიერ ნათქვამსა და გაგონილს იმეორებს. მგონი ასე იყო, მგონი ისე, ალბათ და ა.შ.

უამრავი კითხვა დაუსვა ხათუნა გრიგალაშვილმა.

გ.ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და დღევანდელი დაკითხვის პასუხები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მოსამართლის კითხვაზე გ.ყურაშვილმა უპასუხა, რომ „ძასოხოვმა დაფარა კომპანია „თბილისის“ ვალი. ეს კითხვა მოგვიანებით, დაზუსტებისთვის გაუმეორა ს.ჯორბენაძემ და გ.ყურაშვილმა ისევ ომახიანად უპასუხა, რომ „დიახ. კომპანია „თბილისის“ ვალი დაფარა ძასოხოვმა.

ს.ჯორბენაძე: - ე.ი. კომპანია „თბილისის“ და „არა ბაგები 504-ის“?

გ.ყურაშვილი: დიახ.

მარტო ამისთვის ღირდა მისი დაკითხვა.

დაკითხვა დიდი ხანი მიმდინარეობდა. შემდეგ გამოცხადდა მცირე შესვენება.

შესვენების შემდეგ ქალბატონმა ხ.გრიგალაშვილმა დააყენა რამდენიმე სუამდგომლობა, რომელთაგანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი _ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის # 003493117 დასკვნის გამოთხოვის შესახებ, რადგან ჩვენ მიერ მოპოვებული და წარდგენილი ეს დასკვნა ცუდად იკითხება.


მოსამართლემ განაცხადა, რომ ამით დამთავრდა მოსამზადებელი სხდომა და გადაზარდა იგი მთავარ სხდომად. ამასთან, განაცხადა, რომ თუ დიდი ხანი არ დასჭირდებოდათ მხარეებს, დღესვე დაამთავრებდა საქმის განხილვას.

თუმცა, ძასოხოვის ადვოკატმა მოითხოვა 30 წუთი. დაახლოებით ამდენივე ჩვენმა ადვოკატმა ხ.გრიგალაშვილმა.

იმის გამო, რომ უკვე 18:00 საათი სრულდებოდა, მოსამართლემ საჭიროდ მიიჩნია სხდომის გადადება.

ასე, რომ შემდეგი სხდომა დანამდვილებით ვიცით, რომ იქნება დამამთავრებელი სხდომა.

შეიძლება ეს უკეთესიც იყოს. სავარაუდოდ, დასვენებულზე და ნაფიქრალზე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, მით უფრო, რომ სამართლებრივად მყარი პოზიციები გვაქვს.

გამომდინარე დღევანდელ დამსწრეთა სიმრავლისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომა შეიძლება გადაიტანონ უფრო დიდ დარბაზში.

იქამდე გაცნობებთ, რომ სხდომა გადაიდო ა.წ. 1 სექტემბერს, 12:00 საათზე, დარბაზი (ჯერ-ჯერობით) # 51.


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.