Wednesday, 17 March 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


თითქმის ყველამ გაიგეთ, რომ ყიფშიძის 2-სა და ყიფშიძის 4-ის მაცხოვრებლებმა ერთი ამბავი აგვიტეხეს ჩვენი მშენებლობიდან გამოსული ხმაურის გამო.

სამწუხაროდ, თბილისის მერიამ ითხოვა (არაოფიციალურად), რომ შეჩერებულიყო მეორე „კოდალას“ მუშაობაც.

ამჟამად ნგრევას ახორციელებს მხოლოდ ერთი „კოდალა“. ინვესტორი მიიჩნევს, რომ ეს დროში ძალიან გაჭიმავს ნგრევის პროცესს, რადგან 3-ჯერ უფრო ნელა წავა საქმე წინ და იდეალურ ვარიანტში ნგრევას დასჭირდება მინიმუმ 3 თვე. არადა სამის ერთად მუშაობის შემთხვევაში 15 აპრილისთვის უნდა დამთავრებულიყო. სამწუხაროდ ამ ხალხს გვერდში დაუდგა „მზერას“ კორპუსის მაცხოვრებელთა რაღაც ნაწილი.

ამხანაგობის წევრი ბევრი ადამიანი აღშფოთებულია ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებელთა მიმართ და გარკვეული საწინააღმდეგო ქმედებების ჩატარებას მოითხოვს.

ჩვენც მიგვაჩნია, რომ საჭიროა რაღაც ღონისძიებების გატარება, იქნება ეს ჩვენთვის შესაფერისი თუ რადიკალური. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ შესაბამის შედეგზე. არ შეიძლება გარკვეულმა პროტესტმა ავნოს ჩვენ ძირითად მიზანს _ სახლის აშენებას და ისევ უარყოფითად განვაწყოთ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილები.

დავიცადოთ რამდენიმე დღე. სხვადასხვა გზებით გავარკვევთ ზოგიერთ საკითხს და თუ აუცილებელი იქნება შეიძლება გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც გვერდზე სახლის მაცხოვრებლებს, ისე ზოგიერთ ოფიციალურ სტრუქტურას.

ვიქონიოთ იმედი, რომ აქამდე საქმე არ მივა.

Saturday, 13 March 2021

 კვირის შემაჯამებელი ინფორმაცია


ნგრევის ტემპი ცოტათი შეჩერდა, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ.

„შვილმა“ კოდალამ პირველი სართულის ბოძები მოანგრია და მიუახლოვდა „დედა“ კოდალას, რომელმაც თავის მხრივ მე-3 სართული მოშალა. ეს 2 დღეა, „დედა“ კოდალა იმ დროს მუშაობს, როცა ისვენებს შვილი კოდალა:





ზედა სართულებზე შეუსვენებლად მუშაობს „მამა“ კოდალა:



კადრი, რომელშიც სამივე „კოდალა“ დაფიქსირდა:



„მამა“ კოდალამ მოანგრია როგორც „ვ“ კორპუსის მე-4 სართული, ისე „ზ“ კორპუსის მე-4 სართული და თითქმის მოანგრია „თ“ კორპუსის მე-4 სართულიც. ჯერ-ჯერობით მე-4 სართულებზე მონგრევის გარეშე დარჩა მხოლოდ „ი“ კორპუსი და „ზ“ და „თ“ კორპუსების უკანა მხარეები:




ამხანაგობის ზოგიერთი წევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ინვესტორს დიდი დრო ეკარგება არმატურის გასწორებაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს:

საქმე იმაშია, რომ ნანგრევების პირდაოირი გადაყრა აკრძალულია. ნანგრევები უნდა გამოცალკევდეს არმატურისგან. შესაბამისად, ჩვენმა ინვესტორმა ხელშეკრულება დაუდო კერძო ფირმას, რომელსაც ჰყავს „კოდალები“. არმატურის გამოცალკევებასა და გასწორებასაც ეს ფირმა ახორციელებს და არა ინვესტორი. არმატურის გასწორება „კოდალების“ მუშაობას არ აფერხებს. მუშებიც ისეთ დროს იღებენ არმატურას, რომ არ დაეცეთ ზემოდან ნანგრევები. ამ გასწორებულ, მეორად არმატურის ჩაბარებას თუ გაყიდვას ახორციელებს ეს ფირმა და ამასთან ინვესტორს კავშირი არ აქვს.

იხილეთ დანგრეული კორპუსების ხედი ეზოს ქვედა მხრიდან:



ხედი ზედა მხრიდან :








Thursday, 11 March 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: მუშაობს მხოლოდ 2 „კოდალა“.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:


მესამე _ „დედა“ კოდალა ისვენებს:



„მამა“ კოდალა ერთდროულად (ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ) ანგრევს „ზ“ და „თ“ კორპუსების მე-4 სართულს:






„დ“ და „ე“ კორპუსების ადგილზე ესღა დარჩა:






საძირკველთან მიერთებული სვეტების მონგრევას უფრო ფაქიზი მუშაობა სჭირდება, რომელსაც     შვილი“ კოდალა ასრულებს:




ყოფილი „დ“ და „ე“ კორპუსების ხედი ეზოს ქვედა მხრიდან ასეთია:




„ვ“ კორპუსის მე-3 სართულზე ცოტა დარჩა მოსანგრევი, ხოლო „ზ“ კორპუსი დაყვანილია მე-3 სართულამდე. 

მოხვევის შემდეგ ეზოს მხარეს „თ“ კორპუსია, რომლის მე-4 სართულსაც ანგრევს „მამა“ კოდალა:





საერთო ხედი ასეთია:




მესამე „კოდალისთვის“ სათადარიგოს სტატუსის მინიჭებამ ცოტათი შეაჩერა ტემპი, მაგრამ მოდით ამასაც სხვა კუთხით შევხედოთ _ შენელებული ტემპი სჯობს სულ უტემპობას.

Tuesday, 9 March 2021

 ძვირფასო მეზობლებო,


ამ წუთებში ყიფ|შიძის ქუჩაზე მიმდინარეობს ე.წ. გაბაშვილის სახლის მაცხოვრებლების აქცია ჩვენი მშენებლობის წინააღმდეგ. გამოძახებულია მერიის შესაბამისი სამსახური. აქციის მონაწილეები ძირითადად ქალებია და ითხოვენ მშენებლობის აკრძალვას. 

აღნიშნული აქციის შესახებ შემატყობინა ჩვენი ამხანაგობის ერთმა წევრმა, რომელიც მშენებლობის სანახავად იყო მისული. დიდი მადლობა მას, რომ მხოლოდ მოისმინა მათი პრეტენზიები და არ ჩაერთო პოლემიკაში.

ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს ვინც ასეთ აქციებს შეესწრებით, არ აჰყვეთ ე.წ. გაბაშვილის სახლის ქალებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანონიერად. ინვესტორს ნგრევის ნებართვა გაგრძელებული აქვს და ლეგიტიმურად ასრულებს თავის საქმიანობას.

ჩვენ მაგივრად პასუხს გასცემს მერია. ასე ჯობია, რადგან რაც არ უნდა ვიმართლოთ თავი და ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა, ისინი მაინც ფანჯრიდან ხედის გაფუჭებაზე და ხმაურზე ისაუბრებენ.

იმ შემთხვევაში თუ იქნება აუცილებლობა ერთობლივი ძალის ჩვენებისა _ შეგატყობინებთ. მათზე უფრო მოჩხუბარი ხალხი ჩვენ ამხანაგობაშია, რომელთაც დიდი ხანია არავისთან დაუხარჯავთ ენერგია და ფორმაში იქნებიან. შიდა დაპირისპირებები (ომები) ჩვენ ამხანაგობაში აღარ არის. იმედია, გარე ომები არ გვექნება, ყოველ შემთხვევისთვის მაინც მზად ვიყოთ. 

მოკლედ, ამ ეტაპზე მერიის თხოვნაა, რომ რამდენიმე დღე მხოლოდ ორმა „კოდალამ“ გააგრძელოს მუშაობა და არა სამმა.

ამით ნგრევის პროცესი ცოტათი შეჩერდება. ინვესტორი კი, დაკარგავს გარკვეულ თანხას, რადგან მოცდენილ „კოდალაში“ თანხას მაინც იხდის.

სამწუხაროა, რომ ე.წ. გაბაშვილის სახლის ქალები ვერ ხვდებიან, რომ მართალია ხმაური ცოტათი შემცირდება, სამაგიეროდ გახანგრძლივდება.

Monday, 8 March 2021

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო,


ყველა ოჯახის მანდილოსანს გილოცავთ 8 მარტს!

ბედნიერება, ჯანმრთელობა და კარგი განწყობა არ მოგაკლოთ ღმერთმა! არც ფინანსური უზრუნველყოფა გაწყენთ.

დღეს ცუდი ამინდია. გათოვდა, მაგრამ ძალიან სველი თოვლია და გარეთ გასვლის სურვილს გიკარგავს. 

მიუხედავად ამისა, მაინც ჩავთვალე, რომ 8 მარტია და დღევანდელი ფოტოები გაგიხარდებოდათ.

თოვლმა მშენებლობა ისე დაასველა, რომ მტვერი საერთოდ არ იყო. მართალია ვიღაცის ყვირილ-ღრიალი შემომესმა _ 8 მარტს მაინც დაგვასვენეთო, მაგრამ მშენებლობამ 8 მარტი და 26 მაისი არ იცის.


აბულაძის ქუჩიდან საერთო ხედი ასეთია:




„დედა“ კოდალა გადავიდა „ე“ და „ვ“ კორპუსების დანგრევაზე:



„მამა“ კოდალა შემოსკუპულია და ანგრევს „ვ“ კორპუსის მარჯვენა ნაწილს და „ზ“ კორპუსის მარცხენა ნაწილს:






შედარებისთვის: დანგრევამდე ეს ადგილი ასე გამოიყურებოდა:



„შვილი“ კოდალა მცირე შესვენებას აკეთებდა. ნისკარტი, თუ მიმდებარედ შლანგის გამოცვლა დასჭირდა და ნისკარტი სიმშრალეში ჰქონდა შეყოფილი:


მუშებთან და დარაჯთან, პერიოდულად ძღვენით მივდივარ. ამ სიცივეში განსაკუთრებით გაუხარდათ გურული გამათბობელი საშუალება. აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა კიდევ 2 თუ 3 ადამიანს მიაქვს ძღვენი პერიოდულად. დიდი მადლობა მათ, რომელთა გვარები არ ვიცით, რადგან მუშებს არც კი უკითხავთ. მართალია ეს ჩვენი ვალდებულება არაა, მაგრამ ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე, მათი მხრიდან კეთილგანწყობას დავიმსახურებთ და დალოცვილები ვიქნებით. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ყველა წვრილმანს გვიყვებიან და ყველაფერზე ანგარიშს გვაბარებენ ისე, როგორც თავიანთ ხელმძღვანელობას. სწორედ მათი შემჩნეული იყო სვეტების შიგნით არმატურის გადაუბმელობა და სხვა ხარვეზები.

Saturday, 6 March 2021

ძვირფასო მეგობრებო,


აღარ თავდება გვერდზე სახლების მხრიდან ჩივილი. „მზერას“ კორპუსი აღარ ჩივის და არ ურეკავს პატრულსა და მერიას.

ყიფშიძის (ე.წ. გაბაშვილის) სახლი კი ისევ იგივეს აგრძელებს. 

ამჯერად, ვინმე ნატო ალხაზიშვილმა გადაიღო ვიდეო და გაავრცელა სოც.მედიაში, გაუგზავნა მერიას, ტელეფონითაც შეუტყობინებია.

ქალბატონ ნატოს ბოდიშს ვუხდით გაღვიძებისთვის (მშენებლობა იწყება 10:00) და შეწუხებისთვის, მაგრამ აბა თითოეული ჩვენგანის (128 ოჯახი + 62 ოჯახი) ისტორიები მოისმინეთ ამ მშენებლობის 42 წლის მანძილზე და მერე განსაჯეთ.

სულ ცუდი და ბოროტი ქმედებები მომდინარეობს თქვენი სახლიდან. აქამდე არ ვახმაურებდით, მაგრამ ახლა გეთყვით, რომ თქვენ სახლში მცხოვრებმა, პოლიციის ყოფილი შეფის სოსო ალავიძის დედამ დააჭერინა ჩვენი მშენებლობის მუშები, როდესაც ძველ დამპალ ღობეს ცვლიდნენ ახლით და ძლივს დავარწმუნეთ პოლიცია, რომ ეს ქურდობა არ იყო და არ აღეძრათ საქმე, თავდებში დავუდექით და ისე გავათავისუფლეთ ისინი. 

სირცხვილია, როცა დისკომფორტზე საუბრობთ, იმ დროს, როცა ჩვენ 42 წელია დისკომფორტში ვართ.

რაც შეეხება მტვერსა და პირბადეებს, ამის შესახებ შევატყობინეთ ინვესტორს და უკვე გამოსწორებულია.

კიდევ ერთხელ ყველას ვუხდით ბოდიშს, თუმცა აქვე შევახსენებთ, რომ ქართული კანონმდებლობით თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ითმინოთ მშენებლობის მიმდინარეობა.

ისე, დიიდი მადლობა ქალბატონ ნატოს. მაგ კორპუსიდან არ გვქონდა გადაღებული მშენებლობის პროცესი.

ვისაც გაინტერესებთ ვიდეო, შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს: 

https://www.facebook.com/nato.alhazishvili/videos/10158160468841304 

Friday, 5 March 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


დღეს, სამუშაო დღისა და კვირის ბოლოს გთავაზობთ მშენებლობის ფოტოებს.

ფოტოები საუკეთესო ხარისხის არაა, რადგან მზე უკვე თითქმის ჩასული იყო, მაგრამ მაინც ჩანს ნგრევის შედეგები.

„დ“ და „ე“ კორპუსის ნახევარი ფაქტობრივად დანგრეულია.

ამ ადგილიდან დარჩა ნანგრევების გატანა.


„შვილმა“ კოდალამ ქვედა სართული თითქმის ბოლომდე დაანგრია:


„დედა“ კოდალა „ე“ კორპუსის მეორე ნახევარს ანგრევს. ის ჩამოსულია მე-2 სართულამდე:


„დწდა“ კოდალას „ე“ კორპუსის მხოლოდ ეს ნაწილი დარჩა დასანგრევი:


„მამა“ კოდალა მიადგა „ვ“ და „ზ“ კორპუსებს:




კარგი ტემპია!