ძვირფასო მეგობრებო,
გასაგებია თქვენი აღშფოთება ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლების და მათი მხარდამჭერების მიმართ.
ეგ სახლი არასდროს გამოირჩეოდა კორექტულობით. თავის დროზე გაბაშვილი აგულიანებდა და როგორც 20-25 წლის წინანდელი ჩვენი ამხანაგობის წევრები ყვებიან, შეხვედრისას გვაფურთხებდნენ და სახლიდან რაღაცეებს გვესროდნენო.
სამწუხაროა, რომ ამ ხნის მანძილზე მათი მენტალიტეტი ძირითადად არ შეცვლილა. ამდენი წელია გაჩერებულია ჩვენი მშენებლობა და ახლა მოინდომეს საჩივრების წერა, თითქოს ჩვენი „კოდალები“ მათ სახლს ანგრევს. ითხოვენ ამ ადგილზე რეკრეაციული ზონის გაკეთებას. ვითომ ქალაქზე ფიქრობენ და არა თავის თავზე. ყიფშიძეზე ამდენი სახლი აშენდა, მათ შორის ტყუპები, თითქმის ყველაფერს ასაჩივრებენ და ჩამოყალიბდნენ ქრონიკულ მომჩივნებად.
ბოროტი და ღრძო ადამიანები ასეთებად რჩებიან. ბუნების წიაღში ყოფნას ყიფშიძეზე ცხოვრება ვერ დააკმაყოფილებს. პარკში სეირნობისთვის კი, 100 მეტრშია ვაკის პარკი.
40 წელზე მეტია ვაშენებთ სახლს, როგორც იქნა დაადგა საშველი და ვიღაც-ვიღაცეებს არ მივცემთ საშუალებას დაგვაბრუნოს წარსულში.
თქვენი სატელეფონო ზარებიც ამაზე მეტყველებს. თქვენი გაბრაზებაც, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ჯერ-ჯერობით დაიოკეთ ნერვები. ვინც აგინებთ _ აგინეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ არა იმ დროს, როცა მოხდება მათთან შეხვედრა, რადგან ამისთანა ხალს ერთი სული აქვთ პროვოკაციაზე წამოგვაგონ.
ვინც წყევლით _ წყევლეთ. ამას ვერ დაგიშლით, მაგრამ ყველა ნამდვილად არაა მაგ სახლებში ამის ღირსი, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ხელი არ მოუწერია საჩივარზე (როგორც გავიგეთ, არც მათი სახლის თავმჯდომარეს), რადგან ხვდებიან, რომ ეს აბსურდული მოთხოვნაა, თანაც სულელური.
ერთი წუთით დავუშვათ, რომ მერიამ დააკმაყოფილა მათი უაზრო მოთხოვნა და რეკრეაციული ზონის გაკეთებაზე დათანხმდა, ეს ჩვენი დასანგრევი, მაინც ხომ დასანგრევად რჩება? თუ შემდგომში დანგრევა უხმაუროდ იქნება და მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმებით იმუშავებენ „კოდალები“?
ეტყობა, მომჩივანთა უმრავლესობას ანალიზის უნარი არ აქვთ და წინ ვერ იხედებიან, რადგან 3 „კოდალა“ ძალიან სწრაფად, ხოლო 2 „კოდალა“ სწრაფად დაანგრევდა და მერე ხმაური აღარ იქნებოდა. 1 „კოდალა“ კი, დიდხანს გაჭიმავს. ეტყობა ისტერიაში არიან და ასეთ მდგომარეობაში მყოფებს ლოგიკას ვერ მოსთხოვ.
დღეს, 13 საათზე ყიფშიძის 2-ის, ყიფშიძის 4-ის, ყიფშიძის 7-ის და ყიფშიძის 7ბ-ს მოსახლეობა შეიკრიბა (დაახლოებით 30 ადამიანი) ჩვენი მშენებლობის მიმდინარეობის წინააღმდეგ.
მათი სურვილია არ აშენდეს ჩვენი ნატანჯი სახლი და აპირებენ ადვოკატის აყვანას, რათა მან შეადგინოს სარჩელი და გვიჩივლონ. მათი შეხვედრა დაიწყო ადვოკატისთვის 2500 $ (აშშ დოლარის) აკრეფასთან დაკავშირებით. ეს დაახლოებით 8500 ლარია. სარჩელის შედგენისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მარტო სარჩელისთვის. შემდგომში კიდევ რამდენი ექნებათ გადასახადი ვერცი კი ხვდებიან, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ეტყობა აქვთ და იხდიან.
შეხვედრაზე გააჟღერეს მოსაზრება, რომ ჩვენი სახლის ადგილზე ან რეკრეაციული ზონა ან სტადიონი ან სკოლა ააშენონ და ა.შ. (ეტყობა ვის რა აწყობს იმის მიხედვით). მოლაპარაკებულებიც კი არ არიან, რომ ერთნაირად ილაპარაკონ.
ამხანაგობა „ბაგები-504-ის“ თავმჯდომარე და ამხანაგობის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა უშუალოდ მშენებლობის ტერიტორიაზე ყიფშიძის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მათი შეკრების შესახებ, თქვენთვის არ შეგვიტყობინებია, რადგან არ მომხდარიყო ქალთა დაპირისპირება. კაცები უმცირესობაში იყვნენ და გაცილებით წყნარად იქცეოდნენ.
ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, სანდრო ჯორბენაძესთან მოვარდა ვიღაც ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობს ე.წ. დიპლომატების კორპუსში (ყიფშიძის 7ბ), ჩავარდა ისტერიაში და ამხანაგობის წევრებს სულ ღორები და გაუმაძღრები გვიწოდა, რადგან თურმე აღარ გაძღა ჩვენი მოთხოვნები მეტი და მეტი ფართების ხელში ჩაგდებით. ქალბატონს არ დაუზუსტებია, რომელი დიპლომატის ოჯახიდან იყო მოქმედი თუ ყოფილის, მაგრამ ლექსიკა „დიპლომატიური“ ჰქონდა.
მომჩივნებს მოყვანილი ჰყავდათ ტელეკომპანია „ფორმულა“ და გადაიღეს მშენებლობის მიმდინარეობა (გასულა კიდეც ეთერში). შეხვედრაზე გალანძღეს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, თუმცა გაუგებარია რატომ, რა შუაშია. მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთ საპროტესტო ინიციატივას მისცენ პოლიტიკური ელფერი. შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაც აგულიანებს და აქეზებს.
ს.ჯორბენაძეს საუბარი ჰქონდა ყიფშიძის 2-ში მცხოვრებ რამდენიმე მამაკაცთან, რომლებიც ნამდვილად კონსტრუქციულად და არა ემოციურად საუბრობდნენ, თუმცა აჟიტირებულ ქალბატონებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. ამ ქალბატონებსაც არ უნდათ მეზობელი მამაკაცების მოსმენა, რადგან ულტიმატუმებზე გადადიან და არავითარი საუბარი არ სურთ ჩვენთან, არც ინვესტორთან.
შეკრების ბოლოს გამოჩნდა პატრული, რომელმაც მოუსმინა ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლებს და ცალკე მიიღო განმარტება ს.ჯორბენაძისგან.
სამშაბათის განხილვაზე იმედია თბილისის მერია ობიექტურად გადაწყვეტს მათ აბსურდულ საჩივარს.
რადგანაც კვირის ბოლოა, გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს:
ყოფილი „დ“ კორპუსის ადგილზე მიმდინარეობდა ნარჩენი ნანგრევების გატანა. სატვირთო მანქანები ფოტოს გადაღების პროცესში გასულები იყვნენ:
ყველაზე პატარა _ შვილი „კოდალა“ მესამე დღეა გაჩერებულია:
ყიფშიძის მხრიდან 2 სართული დარჩა დასანგრევი, რომელიც მიწის ქვემოთაა. შესაბამისად, ხმაური ნაკლები იქნება:
ამასობაში მამა „კოდალამ“ თითქმის დაანგრია „თ და „ი“ კორპუსების მე-4 სართული:
ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:
„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების ადგილი გასუფთავებულია:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.