მოგესალმებით ყველას,
დღეს „დედა“ კოდალა მუშაობდა და ასრულებდა თავის საქმიანობას, მაგრამ ნგრევის საერთო ტემპი ძალიან შენელდა. 2-3 „კოდალით“, ნგრევა უნდა დასრულებულიყო 10-15 აპრილს. ერთი კოდალის შემთხვევაში ეს ვადა გადაიწევს.
გვერდზე სახლებიდან ყველაზე ხშირია უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ისინი დისკომფორტს განიცდიან.
ამას ჩვენც ვაცნობიერებთ და კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს, თუმცა იყო არჩევანი იმისა, რომ ნგრევა ცოტა ზედმეტი ხმაურით მალე დამთავრებულიყო ან შედარებით მცირე ხმაურით უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აირჩიეს მეორე ვარიანტი (თუმცა მერიაში საჩივრით მშენებლობის საერთოდ შეჩერება მოითხოვეს).
კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ყიფშიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებს. ცოტა ხანიც უნდა მოითმინოთ და ნგრევის შემდეგ ასეთი ხმაური აღარ იქნება. ჩვენ ვართ მეზობლები, შესაბამისად ვალდებული ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს. თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, რაც ჩვენი ახირების ან ფანტაზიის ნაყოფი კი არაა, არამედ კანონიერი მოთხოვნა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
თავი მეორე
სამეზობლო სამართალი
მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა
მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება
1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:
საერთო ხედი ზედა მხრიდან:
„მამა“ კოდალა რამდენიმე დღეა ასე უმოძრაოდ დგას:
„შვილი“ კოდალა _ ექსკავატორად გარდაქმნილი აგროვებს ნამსხვრევებს და ტვირთავს მანქანებს:
„დედა“ კოდალა ანგრევს ყიფშიძის ქუჩის მხრიდან დარჩენილ ბოლო რიგს:
ყიფშიძის მხრიდან ბოლო რიგის ნგრევის შემდეგ გაცილებით ნაკლები დისკომფორტი ექნება ამ ქუჩის მაცხოვრებლებს. ხმაური დღესაც ნაკლებია, რადგან ეს რიგი მიწის ქვეშაა.
იხილეთ ყიფშიძის ქუჩის მხრიდან დასანგრევი ბოლო რიგის ნგრევის ფოტოები სხვადასხვა კუთხით:
ჩვენი ტერიტორიის ხედი ყიფშიძის მხრიდან:
იმის გამო, რომ ყიფშიძეზე მაცხოვრებლები არ შეაწუხოს მტვერმა, ნგრევის ადგილი ირწყვება იქამდე გაყვანილი შლანგებით:
ყველამ კარგადე იცით, რომ ყიფშიძეზე პირველი მშენებლობა ჩვენი იყო. სტუდქალაქი თსუ-სი იყო, თუმცა აღმოვჩნდით ბოლოში ასაშენებელ სახლად. მიუხედავად ამისა, ყველანაირად ცვდილობთ, რომ ზედმეტად არ ვაწყენინოთ მეზობლებს და მშენებლობას ვიწყებთ 11 საათზე, სრულდება 18 საათზე, კვირას კოდალა არ მუშაობს. მტვერი რომ არ იყოს ვრწყავთ, „მზერას“ კორპუსს ალბათ ვაპატიებთ ჩვენ წითელ ზოლებში შემოსვლას და ა.შ.
ამჯერად, ყიფშიძის 2-სა და ჩვენ სახლს შორის სავალდებულო იყო თანამედროვე სანაგვე ურნების დადგმა.
ჩვენი კეთილი ნებით, ჩვენ ტერიტორიაზე გამოვძებნეთ ადგილი, სადაც დაიდგა ეს ურნები:
ამ ურნებით თავისუფლად ისარგებლებენ ყიფშიძის 2-ის და ყიფშიძის 4-ის მაცხოვრებლები, ასევე მხატვრები.
იმედია, ჩვენ სურვილს კეთილმეზობლური ურთიერთობის თაობაზე გაგებით მოეკიდებიან ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები და ასეთივე ურთიერთთანამშრომლობით, კოაბიტაციით გვიპასუხებენ.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.