დღევანდელი სიახლეები
რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა მეზობლებმა, მიქელაძის 19-ში (თვალის კლინიკა „მზერას“) მცხოვრებლებმა შეხვედრა მოითხოვეს ჩვენ ინვესტორთან. ინვესტორი დაეთანხმა, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ შეხვედრას დაესწრებოდა ბმა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე.
ასეთი შეხვედრა შედგა დღეს, რომელსაც ესწრებოდა გვერდითა კორპუსის 5 წარმომადგენელი, სანდრო ჯორბენაძე, კომპანია „გუმბათის“ 2 წარმომადგენელი და იურისტი ხათუნა გრიგალაშვილი.
სანდრო ჯორბენაძემ უკმაყოფილება გამოთქვა მათი იმ ქმედებების გამო, რომლითაც დღეში რამდენჯერმე (ხშირად ათეულობით) ხდება პატრულის გამოძახება ან მერიაში სატელეფონო ზარების განხორციელება, რომლითაც, მართალია მშენებლობა მაინც გრძელდება, თუმცა 20-30 წუთით მაინც ყოვნდება მუშაობა.
მეზობელი კორპუსის დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან მშენებლობის, თუმცა აქვთ სურვილი პასუხი გაეცეს მათ რამდენიმე საკითხს, ამასთან ნაწყენებიც ყოფილან იმის გამო, რომ ჩვენ არ დაველაპარაკეთ და დღემდე არ გვქონია მათთან კომუნიკაცია.
კომუნიკაციასთან დაკავშირებით ს.ჯორბენაძემ განუცხადა, რომ გაუგებარია რა კომუნიკაციაზეა საუბარი იმ ხალხთან, რომლებიც კვირაში 6 დღე (კვირას „კოდალა“ არ მუშაობს) ჩივიან და ინტრიგნობენ. გაუგებარია, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინააღმდეგი ჩვენი სახლის მშენებლობის. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ შეხვედრის დროს გამოუძახებიათ იქ მაცხოვრებლელს პატრული, „კოდალას“ ხმაურის გამო.
ჩვენ ბევრჯერ მოვიხადეთ ბოდიში ხმაურის გამო, მაგრამ მშენებლობის შეჩერებას, თუნდაც დროებით ვერ დავეთანხმებით. ამაში მხარს გვიჭერს საქართველოს კანონმდებლობაც, რადგან მათ აქვთ თმენის ვალდებულება. ე.ი. უნდა ითმინონ. სხვა გზა არ არსებობს. 40 წელზე მეტია ვერ აგვიშენებია სახლი. გამოჩნდა აშენების რეალური საშუალება, უფრო მეტიც, მიმდინარეობს მშენებლობა და ამას არ დავთმობთ იმის გამო, რომ ვიღაცას დისკომფორტი ექმნება.
დელეგაციის მიერ დაისვა შემდეგი საკითხები:
1. დისკომფორტი
2. ზიანის მიყენება
3. მშენებლობის გეგმის გაცნობა.
პირველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ცხარე დისკუსია. დისკუსიის ბოლოს ეს საკითხი ფაქტობრივად მოიხსნა, მათი მხრიდან მყარი არგუმენტების ვერ მოყვანის გამო.
მეორე საკითხთან დაკავშირებით დელეგაციამ განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის კედლებს გაუჩნდა ბზარები, რაც ჩვენი „კოდალას“ ბრალი ყოფილა. ამის თაობაზე ბატონმა მ.ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ იმ ვიბრაციიდან გამომდინარე, რაც აქვს „კოდალას“ ეს შეუძლებელია, თუმცა მაინც შეისწავლის ამ საკითხს.
მესამე საკითხთან დაკავშირებით მ.ტყეშელაშვილმა აუხსნა დელეგაციას, თუ რატომ ინგრევა დარჩენილი ნაწილი. დეტალურად განუმარტა და ძველ პროექტზე უჩვენა, თუ როგორი იქნება შენობა, ავტოსადგომების ჩასასვლელი და ა.შ. ასევე აუხსნა, რომ მიქელაძის 19 გადმოსულია ჩვენ წითელ ხაზებში, თუმცა არქიტექტორს მიეცა დავალება, რომ პროექტი ისე მოამზადოს, რომ მათ დაუკანონდეს ეს დარღვევა. წინა პროექტებიც ასე იყო შექმნილი.
საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, იმის თაობაზე, რომ პროექტს მათაც გაუგზავნიან.
შეხვედრაზე დაისვა წითელი ხაზების საკითხიც. საქმე იმაშია, რომ მათი შენობა ექსპლუატაციაში არაა შესული. საკითხის დასმისთანავე ს.ჯორბენაძემ შეაწყვეტინა ამ თემაზე საუბარი და განაცხადა, რომ იქამდე, სანამ მშენებლობა ბოლოსკენ არ წავა ან სხვა ხელსაყრელი მდგომარეობა არ იქნება ის ხელს არ მოუწერს, მით უფრო იმ ხალხს, რომლებიც ყოველდღე გვიჩივიან და ოცნებობენ მშენებლობის გაჩერებაზე.
მ.ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ დანგრევაც უფრო სწრაფი ტემპით წავა, რადგან დღეიდან იმუშავებს მეორე „კოდალაც“.
შეხვედრის შემდეგ მივედით მშენებლობაზე. გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:
საერთო ხედი. მეოთხე სართულის დანგრევა მიადგა „ზ“ კორპუსს:
აქტიურად შეუდგა მუშაობას მეორე „კოდალა“:
პირველი _ მამა „კოდალა“ ზედა სართულებს ანგრევს:
მეორე _ საკმაოდ ლამაზი დედა „კოდალა“ ქვედა სართულებს:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.