Monday, 8 February 2021

 მოგესალმებით მეზობლებო,


როგორც მოგეხსენებათ, ინვესტორს უნდა გადაეწყვიტა მშენებლობის დანგრევისა და გაგრძელების საკითხი.

დღეს მათ ოფისში მოეწყო შეხვედრა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობებთან. გამგეობის ერთი წევრი _ ქალბატონი მერი ნიკოლაიშვილი მონაწილეობას იღებდა ზუმის საშუალებით, რადგან მეუღლის კორონათი დაინფიცირების გამო იმყოფება თვითიზოლაციაში.

ბატონმა მერაბ ტყეშელაშვილმა გამგეობის წევრებს აუხსნა შექმნილი სიტუაცია და განაცხადა, რომ იზიარებს კონსტრუქტორების რჩევას, დარჩენილი ნაწილის დანგრევის შესახებ, რადგან ზოგიერთი ნაწილი მაინც მოსანგრევია, არის დონეების სხვაობა. ერთი და იგივე სართულები აწეულ-დაწეულია. უკვე დანგრეული შენობის ნგრევის პროცესში რამდენიმე კოლონა თავისით ჩამოიშალა. ამიტომ უმჯობესია დანგრევა. მანვე განაცხადა, რომ მოიწვია ორივე ამხანაგობის გამგეობა იმიტომ, რომ შეათანხმოს ჩვენთან მშენებლობის შემდგომი ეტაპი.

მოკლედ, ინვესტორი თანახმაა, რომ დაანგრიოს და თავიდან აშენდეს ოღონდ ახალი პროექტით. საძირკვლის „პლიტა“ რჩება, ოღონდ დაემატება ახალი „პლიტა“ (1 მეტრიანი) ახალი კონსტრუქციებით.

ინვესტორმა შაბათს განახორციელა დარჩენილი ნაწილის  მონგრევა ნიმუშისთვის. აღმოჩნდა, რომ აქაც თავისით იშლება ზოგიერთი კოლონა. ამასთან ერთად, მეზობელი კორპუსებიდან 36 გამოძახება იყო ხმაურის გამო.

ვიცი, რომ ამ საიტს ნახულობენ ეს მომჩივანი გვერდზეკორპუსელბი (3 თებერვალს წერილის დადებიდან 1 საათში დაგვიკავშირდნენ და გიჩივლებთო განაცხადეს), რამდენჯერ მოგიხადეთ ბოდიში, მაგრამ თქვენ მაინც ჩივით დაუსრულებლად. იქნებ გეყოთ და შეეგუოთ იმას, რომ ეს სახლი უნდა აშენდეს. მშენებარე სახლის გვერდზე ცხოვრობთ და არა ტყის მიმდებარედ. ამიტომ, აქედან მშენებლობის ხმა გამოვა და არა ჩიტების ჭიკჭიკის.

მერიამ ჩვენ ინვესტორს მოსთხოვა დანგრევის პერიოდში ყიფშიძის ქუჩაზე დაზღვევის მიზნით ღობეს დამატებოდა სიმაღლე. ინვესტორმა ესეც გააკეთა და ღობეს ბადე დაამატა.

ინვესტორთან შეხვედრაზე გვაჩვენეს სახლის ახალი პროექტი. თუმცა ეს იყო პროექტი დაუნგრეველი კორპუსის პირობებში. შესაბამისად, აუცილებელი იქნება ახალი პროექტის გაკეთება (იმედია ბოლო). შეხვედრას ესწრებოდა არქიტექტორი ძლიერიშვილიც, რომელიც ხვალიდანვე დაიწყებს კიდევ ერთი პროექტის გაკეთებას. დაგვპირდნენ, რომ დაახლოებით მე-9 ან მე-10 სართულის დონეზე მთელი სართული იქნება ღია და მთლიანად დაეთმობა სავარჯიშოებს, ველოსიპედის საკატაო ადგილს, ჩვილი ბავშვის სასეირნოს და ა.შ.

სადარბაზოები მოპირკეთდება გრანიტით. კონდიციონერი და გაზის გამათბობელი კორპუსზე არ გამოჩნდება.

სამაგიეროდ დაემატება სართულები და კორპუსები იქნება 15, 19 და 25 სართულიანები.

პროექტის ესკიზები, როგორც კი მზად იქნება გადმოგვიგზავნიან.

ინვესტორმა გაგვაფრთხილა იმის შესახებაც, რომ სახლის ჩაბარების შემდეგ აუცილებელი იქნება გადასახადების გადახდა სხვადასხვა მომსახურებაზე: ეზოს და სადარბაზოს დასუფთავება, ლიფტის თანხა, გარე განათება, დაცვა, შლაგბაუმი.

ინვესტორმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ მშენებლობაზე ჩვენ დასამატებელი არ გვაქვს, მესამე პირები გადაიხდიან მათთან მოლაპარაკების შემდეგ. 128 ოჯახიდან თითქმის ყველას (99%) შეუნარჩუნდება 120 და 140 კვ.მ ბინები. იმათ, ვისაც ფართის დამატება უნდა, იციან და ცალკე გაესაუბრებიან. თუ ვინმე კიდევ მოინდომებს ფართის დამატებას ესეც არაა პრობლემა. უმჯობესია, რაც შეიძლება მალე.

შეხვედრის ბოლოს, ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძემ დააყენა საკითხი კენჭისყრაზე _ ვინაა თანახმა, რომ ინვესტორმა მთლიანად დაანგრიოს კორპუსი და ააშენოს ახალი პროექტით. ყველამ განაცხადა თანხმობა ხელის აწევით, ქალბატონმა მ.ნიკოლაიშვილმაც თანხმობა განაცხადა ზუმის საშუალებით. არც წინააღმდე წასულა ვინმე და არც თავი შეუკავებია არავის.

 კენჭისყრის დასრულების შემდეგ კიდევ მრავალ კითხვას გაეცა პასუხი ბატონი სოსო მაჩაიძის მხრიდან. ინვესტორის დეტალური დაანგარიშებით მათი ზარალი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა 1.2 მილიონი აშშ დოლარი. 

მათივე განცხადებით დღესაც მიდის გახურებული მუშაობა _ ნგრევა დარჩენილი კორპუსის.

გთავაზობთ გამგეობების სხდომის შემდეგ გადაღებულ დღევანდელ ფოტოებს:

ჩვენი „კოდალა“ ასულია მე-4 სართულზე და იქიდან იწყებს ნგრევას:





უკიდურეს მარცხენა მხარეს (სადაც 2 ადამიანი დგას) მე-4 სართული უკვე მოანგრია:



„კოდალა“ „დ“ კორპუსთან ერთად ანგრევს „ე“ კორპუსის სართულებს შორის გამყოფსაც (ჭერი და იატაკი):




ყიფშიძის მხრიდან მთლიან სიგრძეზე დაემატა ბადე-ღობე:




ნგრევის პროცესი ყიფშიძის მხრიდან. აქაც უკვე ბლომადაა მონგრეული:










1 comment:

  1. უუჰ.. მომეშვა ფორტუნამ ისევ ჩვენსკენ გაისროლა

    ReplyDelete

Note: only a member of this blog may post a comment.